რუსეთში ნავალნის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრეს
28/09/2021 14:39:46 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი ოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარმა საგამოძიებო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282 -ე მუხლის 1 -ლი ნაწილით (ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა და მართვა) ა. ნავალნის, ლ. ვოლკოვის, ი.ჟდანოვისა და სხვა პირების წინააღმდეგ და სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 -ე მუხლის მე -2 ნაწილით (ექსტრემისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა) ლ. სობოლის გ. ალბუროვის, რ. შავედდინოვის, ვ. გიმედის, პ. ზელენსკის, რ. მულიუკოვისა და სხვა პირების წინააღმდეგ", - აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში.
გამოძიება ამტკიცებს, რომ 2014 წელს ნავალნიმ დააფუძნა „ექსტრემისტული საზოგადოება და ხელმძღვანელობდა მას“, ამავე პერიოდში „დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩაერთნენ ნავლანის თანამებროძლებიც“.
საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ „ნავალნის მიერ ექსტრემისტული საზოგადოების ჩამოყალიბება მიზნად ისახავდა კონსტიტუციური წყობის საფუძვლების შეცვლას და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს ერთიანობის შერყევას“.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნავალნის 10–წლიანი, ხოლო მის თანამებრძოლებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


