
"სოფლის ექიმებმა უნდა იარონ კარდაკარ და მოსახლეობა ვაქცინის გაკეთებაში დაარწმუნონ"
28/09/2021 13:35:10 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ პირველადი ჯანდაცვის და რეგიონში მყოფ ექიმებს იმუნიზაციის პროცესში მოსახლეობის ჩართვისთვის დამატებითი ანაზღაურება ექნებათ.
მისი თქმით, სოფლის ექიმებმა უნდა იარონ კარდაკარ და მოსახლეობა ვაქცინის გაკეთებაში დაარწმუნონ:
"ცვლილება შედის მთავრობის განკარგულებაში, მოხდება წახალისება პირველადი ჯანდაცვის ექიმების და სოფლის ექიმების, რომ მათ დამატებით ანაზღაურება მიეცეთ. ასეთივე წამახალისებელი ღონისძიება გვაქვს C ჰეპატიტის პროგრამაზე, ექიმებს დამატებით ვუხდით თანხას თითოეულ სკრინირებულ ადამიანზე. გარდა იმისა, რასაც დღეს ისინი იღებენ თითოეულ აცრაზე, დამატებით იქნება მოტივაცია იმის მიხედვით, თუ რამდენ ადამიანს ჩართავენ იმუნიზაციის პროცესში. სოფლის და პირველადი ჯანდაცვის ექიმებმა უნდა იარონ კარდაკარ და დაარწმუნონ მოსახლეობა. იმის მაგივრად, რომ ხალხი ჩვენთან მოვიდეს ასაცრელად, ამცრელები უნდა მივიდნენ მათთან“.