
ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს
28/09/2021 11:32:57 საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი დაკავებულის გათავისუფლებასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
როგორც ირაკლი ბებუას ბიძაშვილი თამუნა ბებუა აცხადებს, ოჯახის წევრებმა ღარიბაშვილთან შეხვედრა აქამდე არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა ამას შედეგი არ ჰქონია:
"ირაკლი უნდა გათავისუფლდეს უპირობოდ და რაც შეიძლება ჩქარა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის ამ პირობებში ამდენი თვის განმავლობაში იმყოფებოდეს. ჩვენ სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილესთან, ირაკლი ანთაძესთან გვქონდა კომუნიკაცია. დაახლოებით 2 თვის წინ მას მივმართეთ თხოვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეგვხვდეს. ერთი კვირის შემდეგ მოვიკითხეთ პასუხი, გვითხრეს, რომ ბატონი ირაკლის გრაფიკი ძალიან დატვირთულია და ის შეხვედრას ვერ მოახერხებს".
ირაკლი ბებუას ოჯახს და მხარდამჭერებს უკანონო პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია წარსულშიც გაუმართავთ.
ცნობისთვის: 2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში 1992-93 წლების ომში გამარჯვების 27 წლისთავს აღნიშნავდნენ, როდესაც საქართველოს მოქალაქემ 27 წლის ირაკლი ბებუამ, რომელიც გალში მცხოვრებ ბებიას სტუმრობს ხოლმე, გალის კულტურის სახლზე გადმოფენილ აფხაზური დროშის ფერების სიმბოლოს და ბანერს, წარწერით: “გილოცავთ გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს” ბენზინი გადაასხა. ბებუა იმავე დღეს დააკავეს, 7 დეკემბერს კი გალის რაიონულმა დე ფაქტო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გამოსასწორებელ კოლონიაში და 10 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. როგორც ირაკლი ბებუას ოჯახი, ისე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავენ, აფხაზური მხრიდან მათ გაუზიარეს ინფორმაცია, რომ ადგილობრივი კანონმდებლობით სასჯელი ნახევრდება (გალის გამოსასწორებელ კოლონიაში გატარებული 1 დღე 2 კალენდარულ დღედ ითვლება) და სასჯელი რეალურად განისაზღვრება 4 წლით და 6 თვით. თბილისში იმედოვნებენ, რომ ირაკლი ბებუას აფხაზურ ციხეში 4-ნახევარი წლის გატარება არ მოუწევს და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით მისი გათავისუფლება მოხერხდება.