თალიბანმა ტაჯიკეთის მახლობლად ათასობით თვითმკვლელ მებრძოლს მოუყარა თავი
27/09/2021 11:53:58 მსოფლიო
რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“, ბოლო დღეებში ათასობით თვითმკვლელ მებრძოლს მოუყარა თავი ტაჯიკეთის საზღვართან მდებარე ტაჰარის პროვინციაში „იქ არსებული პოტენციური საფრთხეების აღკვეთის მიზნით“,– იუწყება „რადიო თავისუფლების“ ტაჯიკური სამსახური „თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენლის ზაბიჰულა მუჯაჰიდის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით.
„ისლამური საამიროს მანსურის არმიის სპეცრაზმის ათასობით მებრძოლი დისლოცირებულია ტაჰარში, რათა აღიკვეთოს პოტენციური საფრთხეები და სხვა გამოწვევები“, - აცხადებს მუჯაჰიდი.
ისლამური საამიროს მანსურის არმია ძირითადად თვითმკვლელი ტერორისტებისგან შედგება.
ტაჰარი ტაჯიკეთის ხატლონის ოლქს ესაზღვრება. ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ზემოხსენებულ ცნობას „ერთობ გაზვიადებული“ უწოდა, მაგრამ განაცხადა, რომ „ის აკონტროლებს ექსტრემისტების საქმიანობას“.
ტაჯიკეთის პრეზიდენტმა არაერთხელ გააკრიტიკა თალიბები მათი სასტიკი საქმიანობისა და ქვეყანაში მცხოვრები ტაჯიკების უფლებების შელახვის გამო.


