ღარიბაშვილი – „ნამახვანჰესსა“ და ENKA–ზე: “აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით“
27/09/2021 08:45:18 პოლიტიკა, ეკონომიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ სახელმწიფომ ENKA-ს აბსოლუტურად ყველა პირობა შეუქმნა იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელი ადგილზე იყო.
მისივე თქმით, კონტრაქტი მემკვიდრეობით დახვდა, ისე როგორც ბევრი რამ დახვდა მემკვიდრეობით და ამ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი, რაზეც ღია საუბარი ჰქონდა ინვესტორთან:
„ჩვენი აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ველაპარაკოთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ეხება, მეც მაწუხებდა მათ შორის, როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს. ეს სავსებით ნორმალურია. რაც შეეხება პროცესს, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელი ადგილზე იყო. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და შემდგომ ბედს მომდევნო ერთ თვეში გავარკვევთ“, - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ამ საკითხზე პრეზიდენტ ერდოღანთან, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ამაზე კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან ეს წმინდად ინვესტორის და სახელმწიფოს ურთიერთობაა.
კითხვაზე, რა გზავნილია ეს სხვა ინვესტორებისთვის, ღარიბაშვილმა უპასუხა:
„ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მაგრამ მეორე მხრივ, ყველა ინვესტორს შევქუმნით კომფორტს, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით. მომდევნო წლებში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში და ამ მიმართულებით არავითარ პრობლემას და დაბრკოლებას არ ველოდები“.
რაც შეეხება ფინანსურ სანქციას, თუ რისი გადახდა მოუწევს საქართველოს ინვესტორ კომპანიასთან კონტრაქტის მოშლის შემდეგ, პრემიერი განმარტავს, რომ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა:
"ეს არის ძალიან შორეული პერსპექტივა, არავინ არ იცის რამდენის გადახდა მოგვიწევს. თუ კომპანია დატოვებს, დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია შეაფასებს მის მიერ დახარჯულ ინვესტიციების მოცულობას და ამის მიხედვით მოხდება მოლაპარაკება, შეიძლება სხვა კომპანიებმა გამოისყიდოს, უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს, ასე რომ მე პრობლემას ვერ ვხედავ".


