
ტყუპ ძმებს სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება მიენიჭათ
27/09/2021 07:32:02 საზოგადოება
ბაკურიანის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებს, ტყუპ ძმებს, ამირან და ავთანდილ წითლანაძეებს, რომლებსაც 60 წელი შეუსრულდათ, 23 სექტემბერს სამსახურში ბოლო სამუშაო დღე ჰქონდათ. ძმები 38 წლის განმავლობაში მსახურობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურში.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ქალაქ ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამმართველოში ესტუმრა, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაინერგა ახალი ინიციატივა, რომელიც დამსახურებული მეხანძრე-მაშველების სათანადოდ დაფასებას და სამსახურიდან მათ ღირსეულად გაცილებას ემსახურება“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.