Accentnews.ge
სერბეთის არმიაში საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა

სერბეთის არმიაში საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა

27/09/2021 06:04:54 მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა,– იუწყება „ფრანს პრესი“ სერბეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

გადაწყვეტილება სასაზღვრო ზონაში კოსოვოელი სპეცრაზმელების განთავსებას უკავშირდება, რაც ბელგრადმა პროვოკაციად შეაფასა.

კოსოვოს პოლიციის სპეცრაზმები ჩრდილოეთში მდებარე, ძირითადად, სერბებით დასახლებულ რაიონებში მდებარე ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გასული კვირის ბოლოს გაგზავნეს, სერბების საპროტესტო აქციების გამო. პროტესტი ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, კოსოვოში შესვლისას ავტომანქანებს სერბეთის სანომრე ნიშნები დროებითი ნიშნებით უნდა შეუცვალონ.

25 სექტემბერს კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ შსს-ს ორ ოფისს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სერბეთი „კოსოვოს სახელმწიფოზე თავდასხმებისკენ წაქეზებასა და მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა.

მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა. მისი განცხადებით, სპეცრაზმელები საზღვრიდან დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ. ბორელის თანახმად, დაუშვებელია ნებისმიერი შემდგომი პროვოკაცია, ან ცალმხრივი, შეუთანხმებელი აქცია. მხარეებს თავშეკავებისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომელიც ტელეფონით ესაუბრა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის.

კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ ევროპის სახელმწიფოების ნაწილს და აშშ-ს. სერბეთი კოსოვოს დღემდე მიიჩნევს თავის ავტონომიურ პროვინციად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S