"მომდევნო ერთი თვის განმავლობაში "ენკასთან" კომუნიკაციას აუცილებლად განვაგრძობთ"
22/09/2021 17:06:55 ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ კომპანია "ენკასგან" მიიღო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება და აცხადებს, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კომპანიასთან კომუნიკაციას "აუცილებლად გააგრძელებენ, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება".
"იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორია.


