გაერო-ს გენასამბლეაზე ბაიდენის სიტყვა: ძირითადი პოსტულატები
21/09/2021 10:31:11 მსოფლიო
უახლოესი ათწლეული მსოფლოს მომავალს განსაზღვრავს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასმბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრეზიდენტის რანგში ხსენებული ტრიბუნიდან მისი პირველი გამოსვლა იყო.
როგორც ჯოზეფ ბაიდენმა აღნიშნა, მისი ადმინისტრაცია "დიპლომატიაზე ორიენტირებული მსოფლმხედველობით" გეგმავს მოქმედებას.
"ვაშინგტონმა აღადგინა მნიშვნელოვანი პარტნიორობა ევროკავშირთან და ბევრ ქვეყანასთან. ჩვენ კვლავ ვართ წარმოდგენილები საერთაშორისო ფორუმებზე, უპირველესად - გაერო-ში. აღსანიშნავია ასევე თანამშრომლობის აღდგენა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან», - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალა "შეიძლება, იქნას გამოყენებული, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელ შემთხვევაში, ბოლო რიგში".
«იარაღი პანდემიასთან ბრძოლაში ვერ დაგვეხმარება», - აღნიშნა ბაიდენმა და COVID-19-ის წინააღმდეგ სამეცნიერო მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მან ასევე კლიმატური საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების ფაქტი აღნიშნა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ქაბულის აეროპორტში დაღუპული ამერიკელი სამხედროებიც ახსენა. «ჩვენ ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ ტერორისტულ ჯგუფებს. უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა სამხედრო ოპერაციებით, არამედ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებით», - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ "ვაშინგტონი გეგმავს, G7-თან პარტნიორობით პლანეტაზე მილიონობით ადამიანს გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება".
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე საუბრისას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ემხრობა ე.წ. "ორსახელმწიფოებრივ" გადაწყვეტას და რომ "ისრაელი მშვიდობიანად უნდა ემეზობლოს პალესტინის სახელმწიფოს".
აშშ-ის პრეზიდენტმა ლგბტ თემის უფლებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ყველა ადამიანი თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლოდეს - გინდ ჩეჩნეთში, გინდ კამერუნში".
ჯო ბაიდენმა ახსენა ბელარუსის საპროტესტო მოძრაობაც და აღნიშნა, რომ "ადამიანები თავის კანონიერ უფლებებს იცავენ".
«პირველად ვდგავარ ამ ტრიბუნაზე 20-წლიანი პერიოდის იმ მომენტში, როცა აშშ არსად არანაირ ომს არ აწარმოებს. უკეთსი მომავლის უზრუველყოფა უკვე დღესაა შესაძლებელი», - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ეს «მნიშვნელოვანი კვირაა პრეზიდენტ ბაიდენისა და მსოფლიო არენაზე მისი ლიდერობისთვის, ასევე აშშ-ისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის რიგი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების წინ წამოსაწევად".
უნდა აღინიშნოს, რომ ეს პოზიცია კონტრასტულია დოქტრინის "ამერიკა - უპირველეს ყოვლისა" მიმართ, რომლითაც ბაიდენის წინამორბედი დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობდა.
გასულ წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომა კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ-ფორმატში გაიმართა. წელს კი მონაწილეები პირისპირ შეიკრიბნენ, მაგრამ შეზღუდვების გამო მონაწილე ჯგუფების შემადგენლობა შემცირებული იყო. ამასთან, ნიუ-იორკის ადმინისტრაციამ ყველა მონაწილეს ვაქცინირებისკენ მოუწოდა.


