რუსეთი უახლოესი სამი წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯებისთვის 10,8 ტრილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავს
22/09/2021 09:51:18 მსოფლიო
რუსეთის ხარჯები ეროვნულ თავდაცვაზე 2022 წელს 3,5 ტრილიონ რუბლს გადააჭარბებს, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 400 მილიონით აღემატება. ამის შესახებ ფედერალური ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი.
პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წელს ჯარისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საჭიროებებისთვის განსაზღვრული თანხა კიდევ 300 მილიარდით გაიზრდება.
სულ კი უახლოესი სამი წლის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ხარჯებისთვის 10,8 ტრილიონი რუბლია გათვალისწინებული.
21 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ 2022 წლისა და 2023 და 2024 წლების გეგმიური პერიოდის ფედერალური ბიუჯეტის პროქტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტი სახელმწიფო სათათბიროს განსახილველად 1 ოქტომბრამდე წარედგინება.


