Accentnews.ge
BBC: „ნოვიჩოკით“ თავდასხმის საქმეში ბრალი რუს გენერალ-მაიორს წაუყენეს

BBC: „ნოვიჩოკით“ თავდასხმის საქმეში ბრალი რუს გენერალ-მაიორს წაუყენეს

21/09/2021 11:41:20 მსოფლიო

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა 2018 წელს სოლსბერიში მომხდარ ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს რუსეთის მესამე მოქალაქეს.

BBC-ს ინფორმაციით, „ნოვიჩოკით“ თავდასხმის საქმეში სავარაუდო მონაწილე გენერალ-მაიორი დენის სერგეევია, რომელიც სერგეი ფედოტოვის სახელს იყენებდა.

BBC სპეცსამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ დენის სერგეევი ადგილზე მოქმედებდა, როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი და იყო რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს გუნდის წევრი.

დენის სერგეევს ასევე უკავშირებენ სხვა ფარულ საქმიანობას ევროპაში. 2018 წლის 2 მარტს, ალექსანდრე პეტროვის და რუსლან ბოშიროვის სახელებზე გაცემული პასპორტებით ორი მამაკაცი ლონდონის „გატვიკის“ აეროპორტში შუადღეს ჩაფრინდა. ბრიტანეთის პოლიცია ოფიციალურად ადასტურებს, რომ აღნიშნული პირები რეალურად ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრე მიშკინი არიან. მესამე მამაკაცი, დენის სერგეევი „ჰითროუს“ აეროპორტში რამდენიმე საათით ადრე გამოჩნდა.

ბრიტანელი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ სამი მამაკაცი შაბათ-კვირას ლონდონში რამდენჯერმე შეხვდა ერთმანეთს. სამი მამაკაცის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებია მკვლელობის შეთქმულება, მკვლელობის მცდელობა, სხეულის მძიმე დაზიანება და ქიმიური იარაღის გამოყენება, ტარება. სხვა ორი ეჭვმიტანილის მსგავსად, დენის სერგეევიც სავარაუდოდ რუსეთში იმყოფება. ბრიტანეთის მთავრობა ინტერპოლისგან რუსეთის მოქალაქის დაკავებას მოითხოვს.

2018 წელს სოლსბერიში ნერვული აგენტი, „ნოვიჩოკი“ ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულია სკრიპალის წინააღმდეგ გამოიყენეს. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, კიდევ ერთი ქალი, დაუნ სტერჯესი კი მოწამვლის შედეგად რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S