თურქეთი ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს – ანკარას მოსკოვში უპასუხეს
21/09/2021 09:57:13 მსოფლიო
თურქეთი ანექსირებულ ყირიმში 17-19 სექტემბერს გამართულ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებს არ აღიარებს, - ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთი კვლავინდებურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას.
თურქეთის განცხადების პასუხად რუსეთის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არასოდეს ტოვებენ უპასუხოდ „მსგავს განცხადებებს“:
„თუ მათ არ მობეზრდათ მოსკოვისგან ამის შეხსენება და შესაბამისი საყვედურები, ესე იგი ისინი ამტანები არიან. მაგრამ ეს არაფერს იძლევა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაკეთებთ შესაბამის დასკვნებს, რომელიც აშკარად არ არის სასარგებლო ორმხრივი ურთიერთობის განვითარებისთვის“.
2014 წლის გაზაფხულზე რუსეთმა ჯერ ყირიმის ანექსია მოახდინა, შემდეგ კი უკრაინის ტერიტორია უკანონო რეფერენდუმის გზით მიიერთა.კონფლიქტი გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტულ ძალებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლების შედეგად 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


