საფრანგეთი აშშ-სგან განმარტებებს ელოდება
21/09/2021 06:16:07 მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, რომ პარიზი აშშ-სგან ავსტრალიასა და დიდი ბრიტანეთთან გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განმარტებებს ელოდება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს ემანუელ მაკრონსა და ჯო ბაიდენს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
„მე არ დავიწყებ სპეკულირებას პრეზიდენტ მაკრონსა და ბაიდენს შორის უახლოეს დღეებში დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს განხილვები გაიმართება. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ 2016 წლის კონტრაქტის უხეშ, მოულოდნელ და აუხსნელ დარღვევას. უპირველეს ყოვლისა, ახლა მნიშვნელოვანია პარტნიორებს შორის ნდობის დარღვევა, რადგან პარტნიორობა ალიანსში ნიშნავს გამჭვირვალობას და პროგნოზირებადობას. ეს საჭიროებს განმარტებებს“, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ-მა უნდა გაითვალისწინოს ევროპელი მოკავშირეების ინტერესები.
ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის შეთანხმება საფრანგეთის მიმართ მიუღებელ დამოკიდებულებად აფასებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„არსებობს ბევრი ღია კითხვა, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენს ერთ-ერთ წევრს მიუღებლად მოექცნენ და ჩვენ გვსურს, გავიგოთ, რა მოხდა და რატომ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
შეთანხმება ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც განიხილეს. მანამდე კი ნიუ იორკში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ მარის პეინს შეხვდა.
ბორელის თქმით, წყნარი ოკეანის რეგიონში საჭიროა უფრო მეტი კოორდინაცია, მეტი თანამშრომლობა და ნაკლები ფრაგმენტაცია.
„მე შეხვდი ავსტრალიელ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრ მარი პეინს. ბუნებრივია, მე დავინტერესდი შეთანხმებასთან დაკავშირებით კონსულტაციების არარსებობის მიზეზებით. მე განვაცხადე, რომ ეს ალიანსი გამორიცხავს ევროპელ პარტნიორებს, რომლებსაც აქვთ ძლიერი პოზიციები წყნარი ოკეანის რეგიონში, როგორც ეს საფრანგეთის შემთხვევაშია. მე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ რეგიონში არსებული გამოწვევები საჭიროებს თანამოაზრე პარტნიორების მეტ თანამშრომლობასა და კოორდინაციას. რა თქმა უნდა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და აშშ არიან ევროკავშირთან თანამოაზრე პარტნიორები. საჭიროა უფრო მეტი თანამშრომლობა, მეტი კოორდინაცია და ნაკლები ფრაგმენტაცია“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა და დასძინა, რომ შეთანხმების გამოცხადება ევროკავშირისთვის მოულოდნელობა იყო.
ცნობისთვის: უსაფრთხოების სფეროში ახალი პარტნიორობის შექმნის შესახებ აშშ-მა, ავსტრალიამ და ბრიტანეთმა 15 სექტემბერს განაცხადეს. შეთანხმების ფარგლებში, ავსტრალია, აშშ-ისა და ბრიტანეთის დახმარებით, სულ მცირე რვა წყალქვეშა ნავის აგებას აპირებს, რომლებიც ბირთვული ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.
სამმხრივი ხელშეკრულების გამო, ავსტრალიამ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა, რასაც პარიზში „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს. გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების გამო, საფრანგეთმა კონსულტაციებისთვის აშშ-დან ელჩი გაიწვია.


