იტალიაში კოვიდ–პასპორტი დასაქმებულებისთვის სავალდებულო გახდა
16/09/2021 17:06:12 მსოფლიო
იტალიის მთავრობამ კოვიდპასპორტები ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახადა. შესაბამის გადაწყვეტილებას იტალიის მინისტრთა კაბინეტმა დღეს დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილება ეხება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში დასაქმებულს.
ახალი წესები 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
შესაბამისი რეგულაციის მიხედვით, დასაქმებულს სამსახურში გამოცხადებისას მოსთხოვენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელების ცნობას ან კოვიდტესტის უარყოფით პასუხს.
სამსახურში კოვიდპასპორტის გარეშე მისვლის შემთხვევაში, დასაქმებული 600-დან 1 500 ევრომდე ოდენობით ჯარიმას გადაიხდის.
მედია წერს, რომ ამჟამად იტალიაში 13,9 მილიონ დასაქმებულს უკვე აქვს კოვიდპასპორტი, ხოლო 4,1 მილიონს ის ჯერ არ აუღია.


