აშშ-ის საელჩო უკრაინის ხელისუფლებას გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან დაკავშირებული პირების გასამართლებისკენ მოუწოდებს
16/09/2021 09:37:49 მსოფლიო
უკრაინაში აშშ-ის საელჩო უკრაინის ხელისუფლებას ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის გატაცებასა და მკვლელობასთან დაკავშირებული პირების გასამართლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
„ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის გაუჩინარების 21 წლისთავთან დაკავშირებით, ჩვენ კვლავ ვიმეორებთ: ხელისუფლებამ უნდა გაასამართლოს მისი მკვლელები, ასევე ყველა, ვინც პასუხისმგებელია მის გატაცებასა და მკვლელობაზე“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
16 სექტემბერს ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის გაუჩინარებიდან 21 წელი გავიდა.
2000 წლის 2 ნოემბერს კიევის ოლქში, ტყეში ჟურნალისტის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვეს. გაუჩინარებამდე ღონღაძე ამბობდა, რომ მას უთვალთვალებდნენ.
ღონღაძის მკვლელობასთან დაკავშირებით უკრაინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ყოფილი თანამშრომელი გაასამართლეს, მაგრამ მკვლელობის დამკვეთები დღემდე ვერ დაადგინეს.
2005 წელს გიორგი ღონღაძეს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს.


