პუტინმა მის გარემოცვაში "ათეულობით დაავადებულის" შესახებ განაცხადა
16/09/2021 09:32:39 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მის გარემოცვაში კორონავირუსული ინფექციით "არა ერთი ან ორი, არამედ რამდენიმე ათეული ადამიანი დაავადდა". მათ ვინაობებსა და იმას, იყვნენ თუ არა ეს პირები აცრილები, რუსეთის ლიდერი არ აკონკრეტებს.
"სწორედ ამ აფეთქების გამო გავაუქმე ჩემი ვიზიტი დუშანბეში, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტზე. რამდენიმე დღის განმავლობაში თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა მომიწევს. ვწუხვარ, რომ პირადად ვერ მოგეხვევით" - მიმართა პუტინმა სამიტის მონაწილეებს ვიდეოჩართვისას.
მისი პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ თავად პრეზიდენტი ჯანმრთელადაა და ინფიცირებული არაა.
ცნობისთვის: ტაჯიკეთის დედაქალაქში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობს. მის მთავარ თემას ავღანეთის მოვლენები წარმოადგენს. სამიტს არც ჩინეთის ლიდერი სი ცზინპინი ესწრება.


