აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული ალიანსის შექმნა გამოაცხადეს
16/09/2021 05:18:09 მსოფლიო
აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული ალიანსის შექმნა გამოაცხადეს. როგორც სამი ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, ახალი ალიანსი ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე იქნება ფოკისირებული.
უსაფრთხოების პარტნიორობის შეთანხმება მოწინავე ტექნოლოგიების გაზიარებას გულისხმობს, მათ შორის ბირთვული წყალქვეშა ხომალდების ნოუ-ჰაუსთან დაკავშირებით. მათი მოსაზრებით, ეს შეთანხმება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ინტერესების დასაცავად, სადაც ჩინეთის მზარდი სამხედრო ძალა შეინიშნება.
აღნიშნული პაქტი ასევე შესაძლებლობას აძლევს ავსტრალიას, გააუქმოს წყალქვეშა ხომალდების ასაგებად ფრანგულ კომპანიასთან დადებული შეთანხმება, რომელმაც 2016 წელს, 12 წყალქვეშა ხომალდის ასაგებად, 50 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი მოიპოვა.
„ჩვენ ყველანი ვაღიარებთ გრძელვადიან პერსპექტივაში ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მორისონმა განაცხადა, რომ წყალქვეშა ნავები ადელაიდაში, შეერთებულ შტატებთან და გაერთიანებულ სამეფოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში აშენდება.
ბორის ჯონსონმა აღნიშნულ ნაბიჯს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უწოდა. მისი თქმით, ეს მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის.


