
სემეკი: „თელმიკო“ მომხმარებლებს დავალიანების გადახდის ვადებს არასწორად განუმარტავს
14/09/2021 08:51:19 საზოგადოება
სემეკი მომხმარებლებისგან მიღებული წერილების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ შპს "თელმიკო" მოქალაქეებს საფასურის გადახდას სთხოვს ქვითრის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ვადების შემცირების საფუძვლად კი სემეკის დადგენილებას ასახელებს, რაც სემეკის დადგენილების არასწორი განმარტებაა.
სემეკი 2020 წლის 13 ნოემბრის N59 დადგენილების შინაარსს განმარტავს:
„სემეკის ელექტროენერგიის დარიცხული საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის მიღებიდან (მომზადებიდან) 10 სამუშაო დღეზე ნაკლები. ასევე, თუ ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადა ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებს ან დასვენების დღეებს – შაბათსა და კვირას, გადახდის ბოლო ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე“.
სემეკის ცნობით, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები სარგებლობენ შეღავათიანი პირობებით:
- პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში;
- მარტოხელა პენსიონერები;პირები, რომლებიც „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებენ საარსებო შემწეობას, რეინტეგრაციის შემწეობას ან სარგებლობენ სოციალური პაკეტით;
- პირები, რომლებიც სარგებლობენ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსით, ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი/ნაშვილები.
აღნიშნული კატეგორიის მომხმარებლებითვის საფასურის გადასახდელად ელექტროენერგიის მიმწოდებელმა კომპანიამ უნდა განსაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 2 კვირაზე ნაკლები.
სემეკი აზუსტებს, რომ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიას არ აქვს უფლება, დენის მიწოდება შეუწყვიტოს ნებისმიერ აბონენტს უქმე დღეებში, დასვენების დღეებში – შაბათს და კვირას, აგრეთვე, უქმე დღისა და შაბათ-კვირის წინა დღეს. ასევე, 18:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში.
რაც შეეხება დავალიანების საფასურის ნაკლებობით გადახდას, სემეკი განმარტას, რომ ელექტრომიმწოდებელ კომპანიას ელექტროენერგიის გათიშვის უფლება არ აქვს, თუ აბონენტის მიერ გადახდილი საფასური 2 ლარით ნაკლებია სრულ ოდენობაზე:
„ასევე, გადაუხდელობის გამო ელექტრომიმწოდებელი კომპანია არ არის უფლებამოსილი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს მომხმარებელს, რომელსაც წარდგენილი აქვს დეპოზიტი. აღნიშნული არ ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომლებიც დროებით სარგებლობენ უძრავი ქონებით ან მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი)“.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ნებისმიერი ტიპის დარღვევის შემთხვევაში, მიმართონ კომისიას ქოლცენტრის საშუალებით ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან სემეკის Facebook-გვერდის საშუალებით.