ევროკავშირი და აშშ ატმოსფეროში მეთანის გაფრქვევის 30%-ით შემცირებას გეგმავენ
14/09/2021 05:26:35 მსოფლიო
აშშ და ევროკავშირი გეგმავენ, 2030 წლისთვის სულ მცირე, 30%-ით შეამცირონ ატმოსფეროში მეთანის გაფრქვევა,– იუწყება Reuters პროექტზე „მეთანის გლობალური ვალდებულება“ დაყრდნობით.
დოკუმენტის მიხედვით, ზომების დღესვე მიღებას შეუძლია, სწრაფად შეამციროს გლობალური დათბობის ტემპი. მიჩნეულია, რომ ატმოსფეროში მეთანის გაფრქვევა ნახშირბადის დიოქსიდის, CO2-ის შემდეგ, კლიმატის ცვლილებების მეორე, ყველაზე სერიოზული მიზეზია.
აშშ-ის და ევროკავშირის ერთობლივი გეგმა ითვალისწინებს ზემოქმედებას იმ ძირითად სფეროებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ატმოსფეროში მეთანის გაფრქვევას. ეს სფეროებია ნავთობის და ქვანახშირის მოპოვება, სოფლის მეურნეობა და ნარჩენების მართვა.
ევროკავშირი და აშშ გლობალურ ინიციატივასთან შეერთებას შესთავაზებენ 20-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის: რუსეთს, ჩინეთს, ბრაზილიას, საუდის არაბეთს, ნორვეგიას და დიდ ბრიტანეთს.
მეთანის ემისიის შემცირების პროექტი მუშავდება კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო–ს კონფერენციისთვის, რომელიც ნოემბერში, გლაზგოში ჩატარდება.
2021 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა გაეროს ექსპერტების მოხსენება, რომლის თანახმად, კლიმატის ცვლილება მსოფლიოს ყველა რეგიონში სულ უფრო შესამჩნევი გახდება და ახალ დრამატულ შედეგებს გამოიწვევს.


