
სასულიერო პირების რეაქცია სავარაუდო თვალთვალზე
13/09/2021 11:32:24 საზოგადოება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე გავრცელებულ დოკუმენტებზე, რომლებშიც სასულიერო პირებზე განხორციელებულ სავარაუდო თვალთვალის ფაქტებზეა საუბარი, ამბობს, რომ შეფასებას არ იჩქარებს.
"ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
ისე ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები "იქმნება" და არა უბრალოდ შუქდება.
ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება.
ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ", - ამბობს ჯაღმაიძე.
სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი:
"თვითონ ის ფაქტი, რომ ისინი მისმენენ, ამისი გაჟღერება და ის, რომ ამ ინფორმაციამ სადმე გაჟონოს, არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც პირველ რიგში, სახელმწიფოა პასუხისმგებელი. თუ მოპარეს ეს ინფორმაცია და გაავრცელეს, პასუხს მაინც სახელმწიფო აგებს.
მე რა ცოდვები მაქვს ჩადენილი და რა დანაშაული, ამას გამოიგონებ, თუ ასეთი ფორმით გაავრცელებ, არავითარი განსხვავება არ არის. შენ შეგიძლია, ადამიანს უთხრა ეგეთი რამე, რომ თუ შენ არ ითანამშრომლებ ჩემთან, მე შენ ცუდ რამეს გაგიკეთებ, მოვიგინებ ამას თუ სხვა რამეს ვიზამ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს".
ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობს კი პრობლემად არ მიაჩნია, მას თუ უსმენენ და უთვალთვალებენ.
"ვინც ჩამომითვალეს, ყველას ვიცნობ და მასეთი რამე გამორიცხული მგონია. ვიღაცა შეიძლება, რაღაცა ჭორს აგორებდეს, არ ვიცი.მე არ მაღელვებს, მისმენდნენ. ჩემები კი არა, ნებისმიერი მისმენდეს, მიყურებდეს, პრობლემა არ მაქვს, იმიტომ, რომ მთავარია ღმერთი მიყურებს, ვიცი. პირადად მე თუ მიყურეს და მითვალთვალეს, პრობლემად არ მიმაჩნია".