FBI-მ 11 სექტემბრის ტერაქტების საქმეზე მანამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტი გამოაქვეყნა
12/09/2021 12:18:16 მსოფლიო
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) 11 სექტემბრის ტერაქტების საქმეზე მანამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტი გამოაქვეყნა.
დოკუმენტი 2016 წლის 4 აპრილითაა დათარიღებული და FBI-ის აგენტებისა და ლოს-ანჯელესში საუდის არაბეთის საკონსულოს თანამშრომლის საუბრების საფუძველზეა შედგენილი. საუბრის თემა არის საკონსულოს თანამშრომლისა და იმ პირთა ურთიერთობა, რომლებიც თვითმფრინავების გამტაცებლებს, ნავაფ ალ-ჰაზმისა და ხალიდ ალ-მიდჰარს ლოგისტიკის კუთხით ეხმარებოდნენ. დოკუმენტი 16 გვერდისგან შედგება და მისი ნაწილი კვლავ გასაიდუმლოებულია, მათ შორისაა საკონსულოს თანამშრომლის ვინაობაც, რომელიც აშშ-ის მოქალაქეობას ითხოვდა.
2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, „ალ-კაიდას“ 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე პენტაგონის შენობას დაეცა, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ. ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტები მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის მიერ იყო ორგანიზებული. ტერაქტებს 2 753 ადამიანი ემსხვერპლა.


