რუსეთში "დიადდერჟავული" ამბიციების მხარდამჭერთა რაოდენობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
10/09/2021 13:15:21 მსოფლიო
რუსეთში მისი "დიად დერჟავად" ხილვის მსურველი მოქალაქეების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმამდე - 32%-მდე შემცირდა, - იუწყება პუტინის რეჟიმის მიერ "უცხოურ აგენტად" გამოცხადებული "ლევადა-ცენტრი" ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. ამავდროულად, მისი ინფორმაციით, მაქსიმალურადაა გაზრდილი იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც რუსეთში "საბჭოთა" პოლიტიკური სისტემისა და გეგმიური მეურნეობის ხილვას ისურვებდნენ.
გამოკითხულთა 2/3 (66%) თვლის, რომ რუსეთი უპირველესად, უნდა იყოს სახელმწიფო ცხოვრების მაღალი დონით - თუნდაც არ ფიგურირებდეს მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორის". და ეს პოზიცია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში დომინირებს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში (18-24-წლიანი კატეგორია - 74%). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პოზიციის მქონე მოქალაქეთა რაოდენობა სტაბილურად იზრდებოდა 2015 წლიდან და სადღეისოდ კვლევების მთელი ისტორიის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, მაშინ, როცა რუსეთის "დიადდერჟავული" ამბიციების მხარდამჭერთა რაოდენობა პირიქით, ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.
საინტერესოა, რომ იმ მოქალაქეთა შორის, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის საქმიანობას დადებითად აფასებენ, მის "დიადდერჟავულ" ამბიციებს მხოლოდ მესამედი (39%) ემხრობა, 2/3 კი (59%) უფრო მნიშვნელოვნად ქვეყანაში ცხოვრების მაღალი დონის ფაქტორს მიიჩნევს. ხოლო პუტინის საქმიანობის უარყოფითად შემფასებელთა კატეგორიაში ცხოვრების მაღალი დონე "დიადდერჟავულ" ამბიციებზე მნიშვნელოვნად აბსოლუტურ უმრავლესობას - გამოკითხულთა 79%-ს მიაჩნია.
რესპონდენტთა თითქმის ნახევარი (49%) ამბობს, რომ საბჭოთა პოლიტიკურ სისტემას მიანიჭებდა უპირატესობას - და ეს რაოდენობა ყველაზე მაღალია 2000 წლიდან. 18%-ს ამჟამინდელი პოლიტიკური მოწყობა ურჩევნია - და ამ კატეგორიის მოქალაქეთა რაოდენობა თითქმის ორჯერაა შემცირებული, 2015 წლის მონაცემთან შედარებით. 16% კი თვლის, რომ საუკეთესო პოლიტიკური სისტემა დასავლური ყაიდის დემოკრატიაა.
საბჭოთა წყობის მომხრეები უმთავრესად 55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში გვხვდებიან (62%), ამჟამინდელი წყობით კმაყოფილები - 25-39-წლიან ასაკობრივ კატეგორიაში, ხოლო დასავლურ დემოკრატიას ახალგაზრდა თაობა - 18-24 წლის მოქალაქეები ანიჭებენ უპირატესობას.


