
პენიტენციური სამსახური: "გეგუთის ციხეში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები აღმოფხვრილია"
10/09/2021 12:29:52 საზოგადოება
N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა,– იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახირი.
უწყების ცნობით, დაწესებულებაში 31 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე N14 დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში 14 მსჯავრდებული რჩება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პროტოკოლით გათვალისწინებული ტესტირებისა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სასჯელის მოხდის ადგილზე დაბრუნდებიან:
"მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრების განცალკევება ინფიცირების შემთხვევების გამოვლენისთანავე ხდება. ასევე, პატიმრები PCR ტესტის საშუალებით თვეში 2-ჯერ იტესტებიან.
ინფორმაციისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების 55% უკვე ვაქცინირებულია".