Accentnews.ge
აშშ-ში სახელმწიფო მოხელეთა ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

აშშ-ში სახელმწიფო მოხელეთა ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

10/09/2021 06:00:04 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სავალდებულო გახადა სახელმწიფო მოხელეთა აცრა კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით. ვაქცინაცია სავალდებულო იქნება მთავრობის პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისთვისაც.

სახელმწიფო მოხელეთა სავალდებულო ვაქცინაციის განკარგულებას რესპუბლიკელებმა დისკრიმინაციული უწოდეს და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულეს.

აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა, რომელიც მან 9 სექტემბერს, თეთრ სახლში წარმოადგინა, ითვალისწინებს ფედერალურ პროგრამებში ჩართული პედაგოგების და სამედიცინო პერსონალის აცრასაც. თავდაცვის სამინისტროს დაევალა სამხედრო მოსამსახურეთა სავალდებულო ვაქცინაციის გეგმის მომზადება.

გარდა ამისა, ყველა საწარმოს, სადაც 100, ან მეტი თანამშრომელია, მოეთხოვება მათი აცრის, ან კვირაში ერთხელ ტესტირების უზრუნველყოფა.

პრეზიდენტ ბაიდენის გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის სავალდებულო გამოყენების წესის დამრღვევთა მიმართ ჯარიმის გაორმაგებასაც. პირველი დარღვევისთვის ჯარიმა 500 დოლარი იქნება, ხელმეორედ დამრღვევი კი, 3000 დოლარით დაჯარიმდება.

ამ დროისთვის აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 53%. უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ჯონსონის“ ვაქცინებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S