
როგორ ემზადებიან საქართელოში კორონავიუსის ახალი, „მიუ შტამის“ წინააღმდეგ
09/09/2021 09:33:42 საზოგადოება
კორონავირუსის ე.წ. მიუ შტამის გავრცელება ახალ რისკებს ქმნის, თუმცა რამდენად მაღალია ეს რისკი, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი რთულია,– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შტამი ჯანმო–სა და ყველა სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის დაკვირვების საგანია, შესაბამისად, დაკვირვების რეჟიმშია საქართველოც:
„მას [ახალ შტამს] რისკები თეორიულად შესაძლოა ჰქონდეს, თუმცა, ეს სხვა შტამებთან შედარებით უფრო მაღალი იქნება თუ არა, ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია. ერთადერთი, რასაც ყველა დაბეჯითებით ამბობს, არის ის, რომ „მიუ“ და სხვა ახალ შტამებთან მიმართებით არის ვაქცინაციის აუცილებლობა. რაც სწრაფად მოხდება მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაცია, ინდივიდუალურ ქვეყნებში, ასევე გლობალურად, ეს არის მთავარი გადარჩენა. დაშვება არის, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის, მათი ბუნებიდან და ტექნოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, არის ეფექტური. მთავარია სწრაფი ვაქცინაცია. ახალი შტამის გავრცელება ბუნებრივია, ახალ რისკებს ქმნის. რამდენად სწრაფად გავრცელებადი იქნება ეს შტამი, ძალიან რთულია ამაზე ახლა, ამ ეტაპზე საუბარი. მთავარი დაცვა არის ის, რომ ახალ შტამს დახვდეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში იმუნური ძლიერი ფენა. ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და გაფართოება 60-ის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. იმიტომ, რომ ახალი შტამი – „მიუ“ იქნება თუ რამე სხვა, გადავიტანოთ და დავხვდეთ მას მაქსიმალური დაცვით“.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "მიუ" შტამი ამ ეტაპზე საქართველოში გამოვლენილი არაა, თუმცა მის ასებობას არ გამორიცხავს, რადგან მეზობელ თურქეთში ინფიცირების რამდენიმე შემხვევა უკვე დაფიქსირებულია.
"ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწარმოებთ ქვეყანაში სხვადასხვა შტამების ცირკულაციის მონიტორინგს (მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული მონიტორინგი). დღესდღეობით ქვეყანაში თითქმის 100%-ით ცირკულირებს "დელტა" შტამი. სხვა შტამი ჯერჯერობით სეკვენირების პროცესში ნანახი არ იქნა. თუმცა, რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია. მოგეხსენებათ, კორონავირუსი თითქმის 2 წლის განმავლობაში ძალიან მრავალ მუტაციას განიცდის. ასობით მუტაცია იქნა გამოვლენილი, მაგრამ მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მნიშვნელობა, ანუ რომელიც ან სხვანაირად აზიანებს, ან სხვა უფრო მეტი აგრესიულობით ხასიათდება, ასეთი აღმოჩენილია სულ რამდენიმე. ეს "მიუ" მუტაცია შეიძლება, გახდეს ახალი მუტაცია, მარგამ ჯერჯერობით, მის შესახებ არ არის ბევრი ინფორმაცია, რომ მან მიიღო რომელიმე ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მნიშვნელობა, ანუ დააზიანა დიდი რაოდენობით მოსახლეობა, ხასიათდება უფრო მეტი აგრესიულობით და ა.შ. სანამ ეს ინფორმაციები არ არის კარგად შესაწვლილი, მანამდე ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ნაადრევია ამაზე საუბარი. რა თქმა უნდა, თეორიული შანსია რის, რომ ყველგან გაჩნდეს," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ "მიუ" შტამთან დაკავშირებით ენტონი ფაუჩის პროგნოზები საყურადღებოა:
"ფაუჩი გახლავთ ძალიან მაღალი რანგის მეცნიერი, ძალიან დიდი და ყველაზე წამყვანი ინსტიტუტის დირექტორი, უზარმაზარი გამოცდილებით და რა თქმა უნდა, უნდა ვენდოთ ფაუჩის პროგნოზირებას, რომ შესაძლებელია, ამ შტამმაც მიიღოს საზოგადოებრივი ჯანდაცვითი დატვირთვა და მნიშვნელობა. ამიტომ, მუდმივი მონიტორინგია საჭირო და ამის შესაძლებლობა ამ ეტაპზე აქვს ლუგარის ლაბორატორიას“.
9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 405 877 აცრა ჩატარდა, 8 სექტემბერს აიცრა 24 670 ადამიანი.
"მიუ" ვარიანტი გასულ თვეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიჩნია, როგორც "ინტერესის ვარიანტი". ის პირველად კოლუმბიაში აღმოაჩინეს ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში, შემდეგ კი ეკვადორში გავრცელდა.
ჯანმო-ს ინფორმაციიით, კორონავირუსის აღნიშნულ ვარიანტს, რომელიც მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621, აქვს მუტაციები, რომლებიც ავლენენ კოვიდ-19-ის ვაქცინებისადმი რეზისტენტობის რისკს და ამის გამო, მის უკეთ შესასწავლად შემდგომი კვლევების ჩატარება გახდა საჭირო.