Accentnews.ge
ბელორუსმა რუსეთთან შერწყმის 2027 წლისთვის გადადება ითხოვა

ბელორუსმა რუსეთთან შერწყმის 2027 წლისთვის გადადება ითხოვა

09/09/2021 09:32:21 მსოფლიო

ბელორუსის ხელისუფლება დასავლეთის მკაცრი სანქციების პირობებშიც კი არ ჩქარობს რუსეთთან ინტეგრაციას და ამ პროცესს მაქსიმალურად წელავს. წელს დასამტკიცებელი ყველა სამოკავშირეო პროგრამის რეალიზებას 4-6 წელი დასჭირდება, - განაცხადა ტელეარხ «Беларусь-1»-ის ეთერში ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა ნიკოლაი სნოპკოვმა.

28 სამოკავშირეო პროგრამა, რომელიც საგადასახადო სინქრონიზაციიდან ენერგომატარებლების ფასწარმოქმნამდე ყველა სფეროს მოიცავს, პრეზიდენტ ლუკაშენკოს მოსკოვში 9 სექტემბრისთვის დაგეგმილი ვიზიტის მთავარ თემად უნდა იქცეს.

სნოპკოვის თქმით, ყველა პროგრამასთან მიმართებაში კონსენსუსი უკვე მიღწეულია, თუმცა მათი შემჭიდროებულ ვადებში რეალიზება შეუძლებელია.

«ერთიანობაში, ჩვენ 2025 წლისთვის პრაქტიკულად ყველა პროგრამის რეალიზებას ვვარაუდობთ. რამდენიმე უფრო რთულ ელემენტთან დაკავშირებით ცოტა მეტი დროა საჭირო და ვადა 2027 წელი იქნება, თუმცა აქ საუბარია, ასე ვთქვათ, არა კრიტიკული მნიშვნელობის ელემენტებზე" - აღნიშნა სნოპკოვმა, თუმცა რომელი ელემენტები ჰქონდა მხედველობაში - არ დაუკონკრეტებია.


მანამდე ლუკაშენკოს მხრიდან მთავარ წინააღმდეგობას საკუთარი ვალუტის ბეჭდვის შესაძლებლობა იწვევდა. საემისიო ცენტრის ჩაბარებაზე მისი კატეგორიული უარის გამო ორი წლის წინ "შერწყმის" წინა მცდელობა ჩაიშალა. მაშინ სრული ინეტგრაციის ვადად 2021-22 წ.წ. დასახელდა. ამ მომენტისთვის, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრების - დიმიტრი მედვედევისა და სერგეი რუმასის მიერ დამტკიცებული "საგზაო რუქის" მიხედვით, გათვალისწინებული იყო ერთიანი საგადასახადო კოდექსის მიღება, ერთიან საბაჟო პოლიტიკაზე გადასვლა, უნიფიცირებული საგარეო სავაჭრო რეჟიმისა და ქონების აღრიცხვის შემოღება, ასევე საბანკო ზედამხედველობის ნორმების მიახლოება და ერთიანი ენერგობაზრის მარეგულირებელი ორგანოს შექმნა.


თუმცა ერთიანი ვალუტის შესახებ წინადადება ლუკაშენკოსთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. მან რუსულ რუბლზე გადასვლაზე უარი განაცხადა და მოითხოვა, საემისიო ცენტრი "თანასწორუფლებიანობის პრინციპზე" ჩამოყალიბებულიყო. ეს კი მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთისთვის, რომლის მშპ ბელორუსისას 24-ჯერ აღემატება.

2020 წლის საპროტესტო გამოსვლებმა, რომელთაც ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ ფინანსური სანქციები და ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაცია მოჰყვა, მანევრირებისთვის სივრცე შეამცირა. ბელორუსი, რომელმაც საგარეო ვალის რეფინანსირების შესაძლებლობა და ევროკავშირში ნავთობპროდუქტების ექსპორტისგან მისაღები შემოსავლები დაკარგა, რუსული ფულის მწვავე საჭიროებას განიცდის. მაგრამ «რუსეთის სამომავლო ფინანსური მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება ბელორუსის მხრიდან დათმობებზე, რომლებიც მინსკისთვის შესაძლოა, მიუღებელი აღმოჩნდეს», - წერენ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-ს ანალიტიკოსები.

ლუკაშენკოსთვის «X საათი" 2023 წლის დასაწყისში დადგება, როცა ბელორუსის მთავრობას საგარეო სახელმწიფო ვალის პირველი მსხვილი დაფარვა მოუწევს 0,8 მლრდ დოლარის ოდენობით.

მთლიანობაში კი, მინსკს 18,1 მლრდ დოლარის ოდენობის საგარეო ვალდებულებები აქვს, მაშინ, როცა ქვეყნის ცენტრალური ბანკის რეზერვები მხოლოდ 7,8 მლრდ-ს აღწევს. ამასთან, ამ თანხიდან მხოლოდ 3,3 მლრდ მოდის უშუალოდ უცხოურ ვალუტაზე, ძირითადი ნაწილი კი ოქროსა და არალიკვიდურ აქტივებშია განთავსებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S