რუსეთში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
09/09/2021 06:46:41 მსოფლიო
რუსეთის ქალაქ ნოგინსკში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.
BBC-ს რუსულენოვანი რედაქციის ცნობით, მსხვერპლთა შორის არის ერთი მოზარდი. 17-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობას განაგრძობენ.
ოფიციალური მონაცემებით, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქება 8 სექტემბერს, დილის 06:55 საათზე მოხდა.
საგანგებო სამსახურების ცნობით, აფეთქება მესამე სართულზე მდებარე ბინაში მოხდა, სადაც მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა.
აფეთქების შედეგად დაზიანდა 24 ბინა, აქედან 17 მთლიანად დაინგრა.


