CNN: როგორ ეხმარებოდა აშშ უკრაინას რუსი დაქირავებული მებრძოლების დაკავებაში
08/09/2021 08:31:41 მსოფლიო
აშშ უკრაინას რუსი დაქირავებული მებრძოლების დაკავებაში ეხმარებოდა,– იუწყება CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ტელეკომპანიის ცნობით, ვაშინგტონი აფინანსებდა ოპერაციას, რომელის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო დონბასში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე რუსი დაქირავებული მებრძოლების უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეტყუება და დაკავება.
როგორც ტელეკომპანიას უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომელმა განუცხადა, აშშ ამ ოპერაციის ფარგლებში უკრაინულ მხარეს ტექნიკურ დახმარებასა და კონსულტაციებს უწევდა.
CNN–ის მიერ მოპოვებული ცნობებით, ოპერაციის ფარგლებში უკრაინის სპეცსამსახურებმა შექმნეს კერძო სამხედრო კომპანია, რომელსაც ჰქონდა საკუთარი ვებ–გვერდი და გამოცხადდა ვაკანსია, რომ თითქოს კანდიდატებს არჩევდნენ ვენესუელაში ნავთობგადამამუშავებელი ობიექტის დასაცავად და მათ თვეში 5 000 დოლარს სთავაზობდნენ. კანდიდატებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ საბრძოლო გამოცდილება გააჩნიათ. უკრაინის სპეცსამსახურებმა ამ მოჩვენებითი „კასტინგის“ ფარგლებში შეარჩიეს 33 ადამიანი. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ 2014 წელს უკრაინის საჰაერო სივრცეში მალაიზიური ავიალაინერი ჩამოგდებაში მონაწილეობდა.
ოპერაციის ფარგლებში ამ ადამიანების უკრაინის ტერიტორიაზე შეტყუება იგეგმებოდა, თუმცა გეგმა ჩაიშალა, რადგან პანდემიის გამო საზღვრები ჩაიკეტა. მაშინ ორგანიზატორებმა დაქირავებული მებრძოლები მინსკის სიახლოვეს სანატორიუმ „ბელარუსოჩკაში“ დაიბარეს. ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დაქირავებული მებრძოლები ქვეყნიდან გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავა. მინსკში მათ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები უწოდეს და ბელარუსში საარჩევნოდ არეულობის მოწყობის მცდელობაში დასდეს ბრალი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ადამიანების უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა, რადგან მათი ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. თუმცა, მინსკისა და მოსკოვის მოლაპარაკებების შემდეგ, დაკავებულების უმრავლესობა რუსეთში დააბრუნეს.


