
მინისტრი განმარტავს, რატომაა საქართველოში კოვიდით გარდაცვლილი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების რაოდენობა მაღალი
08/09/2021 08:05:05 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების რაოდენობა მაღალია. ამის შესახებ მან ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, ავადობა და კლინიკებში ინფიცირებულთა შორის მაღალია 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების რაოდენობა და მიზეზად მინისტრი მათ აუცრელობას ასახელებს.
"ერთ-ერთი დაშვება, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ 60 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის შესაძლოა, რთული იყოს გადაადგილება, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა - პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ოჯახის ექიმებს დაევალებათ მათ უბნებზე მოქალაქეების ინფორმირება. ჩვენი ძირითადი ამოცანა და ბერკეტი არის, რომ ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდებით, ნებაყოფლობით მოხდეს მოქალაქეების აცრა... შემდეგი არის - ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვიმსჯელოთ სხვადასხვა ფინანსურად წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელიც შეიძლება, წამახალისებელი გახდეს ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის. თუმცა, არა მხოლოდ ეს, არამედ რეგიონულ დონეზე ვკომუნიცირებთ, რათა გამოიკვეთოს, რომელ რეგიონში შეიძლება, იყოს რომელიმე ღონისძიება ეფექტური", - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში ჯამში, გამოვლენილია კოვიდ–ინფიცირების 570 493 შემთხვევა, მათგან 527 337 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 7977 პაციენტი.