აშშ "თალიბანის" მთავრობის შემადგენლობით შეშფოთებულია
08/09/2021 06:37:59 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ შეშფოთებულია "თალიბანის" მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის შემადგენლობით.
"თალიბანმა", რომელმაც ავღანეთში ძალაუფლება მოიპოვა, მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ 7 სექტემბერს განაცხადა. ლიდერი მოლა მუჰამედ ჰასან ახუნდი იქნება.
"თალიბანის" მთავრობის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. ჰასან ახუნდი გაერო-ს "შავ სიაშია". "თალიბანის" მთავრობის კიდევ ერთი წევრი, სირაჯადინ ჰაქანი კი FBI-ის მიერ არის ძებნილი. ჰაკანი "თალიბანმა" ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა. მას ტერორისტულ დაჯგუფება ალ კაიდასთან აქვს კავშირი.
ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრეჰემმა "თალიბანის" მთვრობას "ავაზაკების და ჯალათების ერთობა უწოდა". ლინდსი გრეჰემმა მანამდე დაგმო და არაკეთილსინდისიერი უწოდა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყნის მიერ "შავ სიაში" შეყვანილი პირები არიან უშუალოდ "თალიბანის" წევრები. სანქციები არ ეხება მათ ნათესავებს და ქალებს.
სახ.დეპ-ის განცხადებაში წერია ისიც, რომ აშშ გააგრძელებს თალიბებზე ზეწოლას, რათა ავღანეთის დატოვების მსურველებმა ეს უსაფრთხოდ შეძლონ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათ კვლავ აქვთ მოლოდინი, რომ თალიბანი უზრუნველყოფს, რომ ავღანეთის მიწა არ იქნება გამოყენებული სხვა ქვეყნისთვის საფრთხის შექმნის მიზნით.


