
გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს გამოქვეყნებული კოვიდ–სტატისტიკა არაზუსტია
07/09/2021 11:50:17 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების დღევანდელი რეალური მაჩვენებელი არაზუსტია.
გამყრელიძის განმარტებით, მონაცემებში ცდომილობა სერვერების შეფერხებით მუშაობასთანაა კავშირში, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი.
„ქვეყანაში ბოლო 3 კვირის განმავლობაში არის ტენდენცია ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების მხრივ. მართალია, ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ ეს გრძელდება. დღევანდელი ინფიცირების 1965 შემთხვევა, არ არის რეალური ციფრი. [...] კვირის განმავლობაში, კლება გვაქვს დაახლოებით 700-800-900 შემთხვევით. წინა კვირას გვქონდა 4700-ის ფარგლებში შემთხვევა და დღეს ველოდებოდით, რომ უნდა ყოფილიყო 3500-3700-ის ფარგლებში, მაგრამ არის 1965. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე, რომელთანაც კავშირი აქვს ჩვენს რამდენიმე პორტალს, მათ შორის ვაქცინაციის და კოვიდის დიაგნოსტიკის პორტალს და ამის გამო არის, რომ ყველა შედეგი გუშინდელი არ არის ატვირთული პორტალზე. ეს შედეგები დღის განმავლობაში აიტვირთება და ხვალ ვნახავთ, როგორი იქნება შემთხვევათა რაოდენობა. ნეტა ვცდებოდე და თუ ეს მართალია და 1965 შემთხვევა გვაქვს დღეს რეალურად, ეს ნიშნავს, რომ უფრო სწრაფი ტემპით მოდის ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ.
კარგია, რომ დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 7%-ის ფარგლებში. ბოლო 7 და 14 დღის განმავლობაში ის ჩამოსცილდა 9%-ს. ანუ ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უმჯობესდება.
სიკვდილიანობას რაც შეეხება, აქაც გარკვეულად შემცირების ტენდენცია გამოჩნდა, რაც ძალიან კარგია, თუმცა საავადმყოფოებში რჩება 1500-მდე მძიმე პაციენტი, მათ შორის 400-მდე ხელოვნურ ვენტილაციაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.