
"ჰომოსექსუალობის მკურნალობა" და ეგზორციზმი: კადიროვის რეჟიმის მაღალჩინოსნის ქალიშვილის ტრაგიკული ისტორია
07/09/2021 11:05:46 კავკასია
ოჯახური ძალადობის ჩეჩენი მსხვერპლის - მამის მიერ კრიზისული დახმარების ცენტრიდან გროზნოში ძალით დაბრუნებული 22 წლის ხალიმათ თარამოვას მეგობარმა ანა მანილოვამ რუსეთი იძულებით დატოვა.
როგორც ახალგაზრდა ქალი აცხადებს, იგი მუქარის ზარებსა და გზავნილებს იღებდა ადამიანებისაგან, რომლებიც თარამოვას ნათესავებად წარუდგენდნენ თავს.
მანილოვას ინფორმაციით, მან ევროპას შეაფარა თავი და რუსეთში დაბრუნებას აღარ გეგმავს.
თავად ხალიმათ თარამოვამ ორიოდ დღის წინ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ითხოვს, მის შესახებ ჭორების გავრცელება შეწყდეს და "ყველამ თავი დაანებოს".
თუმცა უფლებადამცველი სვეტლანა ანოხინა, რომელიც თარამოვას იცავდა, დარწმუნებულია, რომ მას ეს ვიდეოჩანაწერი ძალით გაავრცელებინეს.
ცნობისთვის: ხალიმათ თარამოვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობის ყოფილი მინისტრის, რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ კიდერ რამზან კადიროვთან დაახლოებული პირის - უიუბ თარამოვის ქალიშვილია. ივნისის დასაწყისში იგი გროზნოდან მახაჭყალაში გაიქცა და იქ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრში იმყოფებოდა. მანამდე მან ჩაწერა ვიდეომიმართვა და აცნობა საზოგადოებას, რომ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო ოჯახში სისტემატიურად ხდებოდა ძალადობის მსხვერპლი.
10 ივნისს კრიზისულ ცენტრში ჩეჩენი და დაღესტნელი ძალოვანები შეიჭრნენ, იქ მყოფი ყველა ქალი დააკავეს და შს განყოფილებაში გადაიყვანეს. იქიდან თარამოვა ძალით ჩეჩნეთში დააბრუნეს.
აგვისტოში თარამოვას ისტორიის რიგი ახალი დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, ირკვევა, რომ მახაჭყალაში გაქცევამდე მამამისმა იგი "ჰომოსექსუალობის სამკურნალოდ" მოსკოვის ოლქის კლინიკა Invia Elite-ში მოათავსა, იქიდან გამოსულს კი მჩხიბავები დაასია, რომლებიც ახალგაზრდა ქალზე ერთგვარ ეგზორციზმს ატარებდნენ.
11 აგვისტოს თარამოვამ მეორედ სცადა სახლიდან გაქცევა, თუმცა წარუმატებლად - იგი დაღესტნის საზღვარზე ძალოვანებმა დააკავეს. ახლა თარამოვა კვლავ მამის სახლში იმყოფება.