სალვადორმა ბიტკოინები გადახდის ოფიციალურ საშუალებად აღიარა
07/09/2021 10:01:36 მსოფლიო
სალვადორი მსოფლიოს პირველ ქვეყნად იქცა, რომელშიც ბიტკოინი გადახდის ოფიციალურ საშუალებად აღიარეს. კრიპტოვალუტას სახელმწიფოში აშშ დოლართან ერთად გამოიყენებენ.
შესაბამისი კანონი სალვადორში დღეს შედის ძალაში.
მანამდე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორ ტრანშად პირველი 400 ბიტკოინი შეიძინა.
კანონის მიღების ინიციატორად პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე გვევლინება. მისი გათვლით, ბიტკოინი სალვადორს ინვესტიციების მიზიდვასა და შიდა მოხმარების სტიმულირებაში დაეხმარება.
სალვადორელები საქონლისა და მომსახურების საფასურის გადახდისას კრიპტოვალუტას ელექტრონული საფულის - Chivo-ს მეშვეობით გამოიყენონ.
აღსანიშნავია, რომ კანონის ძალაში შესვლამდე სალვადორს საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თალღლითობის მაღალი რისკი და ვალუტის კურსის არასტაბილურობა აშფოთებთ. პენსიონერები შიშობენ, რომ კრიპტოვალუტის გამოყენება მათი კუთვნილი თანხების მოცულობაზე უარყოფითად აისახება.


