"თურქეთი ქაბულის აეროპორტის ფუნქციონირების საკითხზე კატარსა და აშშ–სთან ერთად მუშაობს"
07/09/2021 09:10:21 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი ქაბულის აეროპორტის ფუნქციონირების საკითხზე კატარსა და შეერთებულ შტატებთან ერთად მუშაობს და ასევე, მოლაპარაკებებს აწარმოებს “თალიბანთან”.
მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით ქაბულში 19 თურქი ტექნიკოსი იმყოფება.
ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ „თალიბანს“ შეუძლია უსაფრთხოების აეროპორტის გარეთ უზრუნველყოფა, მაგრამ მათ სჭირდებათ უსაფრთხოების უფრო საიმედო მექანიზმი აეროპორტის ტერიტორიაზე.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, მისიაში მონაწილება შესაძლოა, უსაფრთხოების კერძო კომპანიამაც მიიღოს იმ შემთხვევაში, თუკი „თალიბანი“ დაჟინებით მოითხოვს, რომ ავღანეთში უცხო ქვეყნების ძალები არ იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ანკარის ცნობით, „თალიბანმა“ თურქეთს ქაბულის აეროპორტის მართვაში დახმარება სთხოვა, მაგრამ თურქეთი აეროპორტის მისიაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუკი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მისი ქვედანაყოფები არ იქნებიან ჩართული.


