
ჩეჩნეთში კადიროვის კრიტიკოსის ნათესავები გაიტაცეს
07/09/2021 08:29:45 კავკასია
ჩეჩნეთის აჩხოი-მართანის რაიონში ძალოვანებმა რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვის აქტიური კრიტიკოსის - ამჟამად თურქეთში მცხოვრები ხასან ხალითოვის მამა და ძმა გაიტაცეს.
75 წლის განი ხალითოვი და 46 წლის რამზან ხალითოვი საკუთარი სახლიდან წაიყვანეს.
გარდა ამისა, მოსკოვში იქნა გატაცებული ხასანის ტყუპისცალი ხუსეინ ხალითოვი, რომელიც ძალით ჩაიყვანეს ჩეჩნეთში.
ხასან ხალითოვის განმარტებით, ოჯახს მასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონია მას შემდეგ, რაც მუქარებისა და საფრთხის გამო ჩეჩნეთიდან თურქეთში გადასახლდა, საიდანაც კადიროვსა და მისი რეჟიმის საქმიანობას აქტიურად აკრიტიკებდა სოცქსელებში. ახლაც ახალგაზრდამ მისი ნათესავების გატაცების შესახებ სოცქსელში, თანასოფლელებისა და ანონიმი ბლოგერებისგან შეიტყო.
ხალითოვის აზრით, ძალოვანთა ეს ქმედება კადიროვის რეჟიმის პასუხია 5 სექტემბერს სტამბოლში უცნობ პირთა მიერ "კადიროვის კაცის" ცემის ფაქტზე.
"ამასწინათ ჯგუფ Security Turkey-ში იმ რამდენიმე კადიროველის ფოტოები გავაგზავნე, რომლებსაც ჩემს რაიონში მოვკარი თვალი. ცხადია, თურქეთში კეთილი საქმისთვის არ იყვნენ ჩამოსულები. აქ ბევრს ვიცნობ, ვისაც ჩეჩნეთში ნათესავები გასტაცეს, უწამეს, ოჯახის წევრი ქალები გაუუპატიურეს. ჩემზეც შეეცადნენ თავდასხმის განხორციელებას. არ დამშვიდდებიან, სანამ არ მოგვკლავენ. ჰოდა, ჩემი პუბლიკაციის შემდეგ აქაურმა ჩეჩნებმა მიაკვლიეს ერთ-ერთ კადიროველს, შეეცადნენ მასთან გასაუბრებას და თურქეთში ჩასვლის მიზნის დადგენას, თუმცა განაცხადა, რომ მის სამსახურზე არავითარი საუბარი არ სურდა, რის შემდეგაც ცემეს", - ამბობს ახალგაზრდა და დასძენს, რომ თავად იმ ინციდენტში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია და არც ტელეგრამ-არხ Security Turkey-სთან აქვს რაიმე შეხება, ფოტოები კი უბრალოდ უკუკავშირის ფორმის გამოყენებით გაგზავნა.
ხალითოვის ნათესავებს უკვე 24 საათზე მეტია, აჩხოი-მართანის შს განყოფილებაში აკავებენ.
"ისინი ყველასგან იზოლირებულები ჰყავთ და არავითარ ბრალდებას არ უყენებენ. უბრალოდ ასე ჩემზე ზემოქმედება სურთ. თუმცა ჩემს მიერ ნათქვამ და დაწერილ ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, არაფრის უარყოფას არ ვაპირებ. კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავარი სატანაა. მაგრამ ჩემი ნათესავები რაში სჭირდებათ? თუ ჩემთან აქვთ პრეტენზიები, მე მომხედონ და მათ თავი დაანებონ! მით უფრო, რომ ნათესავები ჩემს საქმიანობას მხარს არ უჭერენ - პირიქით. ახლა რომ დავდუმდე, ჩათვალეთ, თავად მოვკლავ ჩემს ნათესავებს", - ამბობს ხალითოვი.
ახალგაზრდამ უფლებადამცველ ორგანიზაცია "წამების საწინააღმდეგო კომიტეტს" საჩივრით მიმართა.
ანალოგიური საჩივარი შეიტანა ორგანიზაციაში ევროპაში მცხოვრებმა ილმან მამაკაევმა, რომელსაც ჩეჩნურ სოფელ სემაშკიდან 73 წლის მამა და სამი ძმა გასტაცეს, მათ შორის ერთი - არასრულწლოვანი. მეორე დღეს მამა გაუშვეს, მაგრამ წვერგაპარსული - უპატივცემულობის ნიშნად, ძმებს კი ამ დრომდე აკავებენ.
მამაკაევიც, ხალითოვის მსგავსად, ნათესავების გატაცებას თურქეთში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ირწმუნება, ამ შემთხვევასთან არაფერი აკავშირებს.
ცნობისთვის: სტამბოლში ნაცემი კადიროველი, რომელსაც სავარაუდოდ, აბდურახმანი ჰქვია, მრავალი წლის განმავლობაში ჩეჩნეთის ძალოვან უწყებებში მსახურობდა, - იუწყება Security Turkey. მანამდე ამ ტელეგრამ-არხმა გამოაქვეყნა ვიდეჩანაწერი, რომელზეც ასახულია, როგორ ცემენ უცნობი პირები დაახლოებით 40 წლის მამაკაცს.
თურქეთში ჩეჩნეთის რამდენიმე მკვიდრი რეგულარული მუქარების მიღების შემდეგ გაერთიანდა, რათა საკუთარი თავი და თანამემამულეები კადიროველებისა და ჩეჩნური სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან დაეცვათ. დიასპორის წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გასაცვლელად მათ ტელეგრამ-არხი Security Turkey შექმნეს, რომელშიც ხშირად ზიარდება ინფორმაცია თურქეთში მყოფი ჩეჩნების დასასჯელად გაგზავნილი აგენტების თაობაზე.