"თალიბანის" მუქარის მიუხედავად, ავღანელი ქალები ქუჩებში კიდევ ერთხელ გავიდნენ
06/09/2021 17:43:30 მსოფლიო
თალიბანის მუქარის მიუხედავად, ავღანელი ქალები კიდევ ერთხელ გავიდნენ ქუჩებში საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით.
აქცია ამჯერად მაზარ-ე შარიფში გაიმართა. ქალების ჯგუფი ქალაქის ცენტრში შეიკრიბა პლაკატებით "ქალების უფლებების დარღვევა = ადამიანის უფლებების დარღვევას", "ჩვენ გვსურს პოლიტიკაში ყველა დონეზე მონაწილეობა".
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თალიბებმა ჟურნალისტებს დემონსტრაციის გაშუქების საშუალება არ მისცეს. რიგი მათგანი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც გახდა, მათ შორის, დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებსაც.
ბოლო დღეებში ქალების უფლებების, თანასწორობის, სამართლის და დემოკრატიის დაცვის მოთხოვნით მსგავსი აქციები გაიმართა დედაქალაქ ქაბულში და დასავლეთის ქალაქ ჰერათშიც. 4 სექტემბერს თალიბანის წევრებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს და გაფრთხილების მიზნით, ჰაერში ისროლეს ქაბულში გამართულ აქციაზე თავშეყრილი რამდენიმე ათეული ქალის დასაშლელად.


