მერკელი:"ავღანელების ევაკუაციისთვის, რომლებიც გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობდნენ, „თალიბანთან“ მოლაპარაკებები საჭიროა"
06/09/2021 09:37:06 მსოფლიო
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, "იმ ავღანელების ევაკუაციისთვის, რომლებიც გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობდნენ, „თალიბანთან“ მოლაპარაკებებია საჭირო".
მისივე თქმით, „თალიბანთან“ ღია პოლიტიკური დიალოგის მომხრეა, რადგან ქვეყანაში ისინი ერთადერთ ძალას წარმოადგენენ.
მერკელის განცხადებით, დიალოგი ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ხელს შეუწყობს და კარგი სიგნალია, რომ ქაბულის აეროპორტი ფრენებისთვის ისევ გაიხსნა.
3 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ გერმანია მზად არის, ქაბულში დიპლომატიური წარმომადგენლობა აღადგინოს, თუ „თალიბანი“ გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს.
„ჩვენ გვსურს ინკლუზიური მთავრობა, ადამიანისა და ქალების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა და ავღანეთი კვლავ არ უნდა იქცეს საერთაშორისო ტერორიზმის თავშესაფრად“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


