სენატორი გრემი: "აშშ ავღანეთში დაბრუნდება"
06/09/2021 06:27:32 მსოფლიო
აშშ დაბრუნდება ავღანეთში, როგორც ეს ერაყის და სირიის შემთხვევაში მოხდა, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა BBC–სთან ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკელი სენატორის თქმით, ავღანეთში ჯარისკაცების დაბრუნების საფუძველი ტერორიზმის გაზრდილი საფრთხე იქნება.
ლინდსი გრემის თქმით, ერაყში ამჟამად ხუთი ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რადგან „ისლამური სახელმწიფო“ ძლიერდება და თავს ესხმის ამერიკის, საფრანგეთის და ბრიტანეთის მოქალაქეებს.
ამერიკელის სენატორი ინტერვიუში ამბობს, რომ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფო“ გაძლიერდება და შიდა ბრძოლის შედეგად მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყანა დაიშლება, რაც დასავლურ ინტერესებზე თავდასხმისთვის კარგ საფუძველს შექმნის.
თავის მხრივ „თალიბანი“ პანჯშირის ხეობაზე სრული კონტროლის მოპოვების შესახებ იუწყება. დაჯგუფების პრესსპიკერის ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, პანჯშირის ხეობაში გამაგრებული აჯანყებული მოწინააღმდეგის ჯარისკაცების ნაწილი ბრძოლაში დამარცხდა, ნაწილი კი გაიქცა.
„თალიბანის“ განცხადებით, ხეობიდან გაქცეულებს შორის არიან ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი და წინააღმდეგობის ძალების ლიდერი აჰმად მასუდი.
„ჩვენ სრულ გარანტიას ვაძლევთ პანჯშირის საპატიო ხალხს, რომ ისინი არ იქნებიან დისკრიმინირებული, ისინი ყველა ჩვენი ძმები არიან, ჩვენ ვემსახურებით ქვეყანას და საერთო მიზანს. ამ ბოლოდროინდელი გამარჯვებებითა და ძალისხმევით, ჩვენი ქვეყანა მთლიანად გამოვიდა ომის მორევიდან და ჩვენს ხალხს ექნება მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის ატმოსფეროში“, – ნათქვამია ავღანური დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


