აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა, 11 სექტემბერს ტერაქტების 20 წლისთავი და ავღანეთის მოვლენები, ახალი წევრების მისაღებად გამოიყენონ
04/09/2021 09:27:46 მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა, გამოიყენონ 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტების 20 წლისთავი და ავღანეთში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ რიგებში ახალი წევრების მისაღებად და პროპაგანდისთვის.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.
შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტისა და კონტრტერორისტული ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ „ალ-ქაიდამ“ და „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ პროპაგანდისტულ შეტყობინებებში 11 სექტემბრის მოვლენები გაიხსენეს.
გარდა ზემოხსენებულისა, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ავღანეთში არსებული ვითარება გავლენას ახდენს ტერორისტულ ორგანიზაციებში ახალი წევრების მიღებაზე და აშშ-ში ექსტრემისტული განწყობების დანერგვის მცდელობებზე.
ამერიკული სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ მოცემული ფაქტორების ერთობლიობამ, მათ შორის ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გასვლამ, ძალადობის ახალი ტალღები გამოიწვიოს.


