
დატბორილი ეზოები, დაზიანებული ტექნიკა, გადახდილი სახურავი – დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
03/09/2021 13:29:23 საზოგადოება
ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ზოგიერთი სატუმბი სადგური უხვ ნალექს ვერ გაუმკლავდა, რამაც ქალაქის მასშტაბით — როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ისე გარეუბნებში — პრობლემები შექმნა.
წვიმა ფოთში 2 სექტემბრის ღამით დაიწყო და 3 სექტემბერს, დღის საათებშიც გაგრძელდა.
ფოთის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქის ყველა ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლები უკვე მუშაობენ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის დასათვლელად.
სტიქიამ პრობლემები შექმნა ქობულეთშიც. კერძოდ, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები.
"ქარბორბალა იყო. დაგვიზიანა ოთახები, წვიმა ჩამოდის და დახმარებას ვითხოვთ. ჩვენს მეზობელს მთლიანი სახურავი გადმოხადა და დაეცა ჩვენს ეზოს, მანქანა დაგვიზიანა ეზოში", - ამბობს ქობულეთის მაცხოვრებელი.
აჭარის რეგიონში ძლიერი წვიმაა. ადიდებულია მდინარე აჭყვა. გელაურის დასახლებაში კი წყალმა სახლებში შეაღწია. ათეულობით საცხოვრებელი სახლები დაიტბორა დაბა ჩაქვშიც.
ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის თქმით, 50-მდე შეტყობინება მიიღეს, რომელიც შეეხება დატბორვას, მეწყრული პროცესების განვითარებასა და ქარის შედეგად საცხოვრებლის დაზიანებას:
"გვაქვს რამდენიმე შემთხვევა მეწყრული პროცესების, რომელი საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს. ყველა ასეთ შემთხვევაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია გადაუდებლად მიიღებს ზომებს ასეთი ოჯახების გაყვანის შესახებ".
ცნობისთვის: სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ამინდი 4 სექტემბრიდან გაუმჯობესდება.