Accentnews.ge
“ახლაც, როცა საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ტრანშზე, პარტნიორები მისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ელიან”

“ახლაც, როცა საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ტრანშზე, პარტნიორები მისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ელიან”

03/09/2021 11:11:11 პოლიტიკა

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან კავშირების დელეგაციის ხელმძღვანელის, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდის განცხადებით, ახლაც, როცა საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მეორე 75-მილიონიან ტრანშზე, ევროპელი პარტნიორები მისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ელიან, უპირველესად – კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროს რეფორმირების მიმართულებით.

"საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ჩვენ პატივს ვცემთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა იმ მეორე 75-მილიონიანი ტრანშის მიღებაზე, რომელიც პირობითად 30 სექტემბერს უნდა გამოყოფილიყო. გვესმის ამ გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებული ეკონომიკური არგუმენტებისაც. თუმცა ახლაც, როცა საქართველო მეორე ტრანშს აღარ ითხოვს, მოველით მისგან ამ თანხის გაცემისთვის დასახელებული პირობების შესრულებას, განსაკუთრებით - მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირებას, რაც შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს ხელმოწერილ ხელშუკრულებაშიცაა ასახული” – განაცხადა “აქცენტის” კითხვის საპასუხოდ კალიურანდმა.

ამასთან, მან ხსენებულ ტრანშზე უარის თქმამდე არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში “ქართული ოცნების” ხელისუფლების რიგი ბოლოდროინდელი ნაბიჯებით იმედგაცრუება კიდევ ერთხელ გამოხატა:

“არავისთვისაა საიდუმლო, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზოგიერთი ნაბიჯით იმედგაცრუებულნი ვართ. ქვეყნის დასავლელი პარტნიორების, უპირველეს ყოვლისა აშშ-ისა და ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი პროცესი არ შეჩერებულა; იგნორირებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც. გარდა ამისა, იმედგაცრუებულები ვარ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის თაობაზე. ეს სამწუხარო ნაბიჯი, რა თქმა უნდა, “ცივი შხაპი” იყო მათთვის, ვინც იმედოვნებდა, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია 2 ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების წინ რაღაც დოზით მაინც შემცირდებოდა”.

ამ თემაზე საუბრისას კალიურანდმა ოპოზიციის პასუხისმგებლობაც აღნიშნა. “ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც დროულად არ მოაწერეს ხელი 19 აპრილის შეთანხმებას, პირველ რიგში "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხისმგებლობის დიდი წილი ეკისრებთ ამ ხელშეკრულების მარცხში” – დასძინა მან.

ევროპარლამენტარმა წუხილი გამოთქვა “ზოგიერთი კოლეგის მცდელობის გამო, ევროპარლამენტში - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" უთანხმოების, საქართველოში კი ევროპელი "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსისა" (S&D) და "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) უთანხმოების თემა შეიტანოს”. “ამას აკეთებენ საფუძველს მოკლებული ბრალდებების გაჟღერებით, უხეში გაზვიადებებით ან მწვავე განცხადებების გამოქვეყნებით. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქართველი მეგობრები ამაზე უკეთეს მოპყრობას იმსახურებენ” – აღნიშნა მან.

ევროპარლამენტარი დასავლეთის პრეტენზიების საპასუხოდ პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის ბოლო განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ “რომი ერთ დღეში არ აშენებულა”:

“რა თქმა უნდა, ბატონი პრემიერი მართალია - "რომი ერთ დღეში არ აშენებულა", თუმცა გვსურს, ვიხილოთ პროგრესი ამ “სამშენებლო სამუშაოებში” და მოველით, ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, განსაკუთრებით - კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირების კუთხით. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების ინტერესებისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მალე გაიმართება თვითმმართველობის არჩევნები. მე მათ ყურადღებით დავაკვირდები, როგორც ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან კავშირების დელეგაციისა და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე".

რაც შეეხება იმას, შეიმჩნევა თუ არა ევროკავშირში საქართველოს თემით ერთგვარი გადაღლილობა, როგორც კალიურანდმა აღნიშნა, “საქართველო და ქართველები დიდი ევროპული ოჯახის ნაწილია და შესაბამისად, შეუძლებელია, ევროკავშირი საქართველოთი “დაიღალოს”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S