
"რატომ ხდება პაციენტების პატრონების "შავ მიმწოდებელთან" გაგზავნა?!" – რაზე ესაუბრა ტიკარაძე ექიმებს
03/09/2021 10:03:51 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ პაციენტების ოჯახებისადმი რიგი ექიმების მიმართვით, "შავ ბაზარზე" შეიძინონ მედიკამენტი "ტოცილიზუმაბი", შესაბამისი უწყებები არიან დაინტერესებულნი. ამის შესახებ ტიკარაძემ კოვიდით ინფიცირებული პაციენტების მიმღები კლინიკების ხელმძღვანელებს მიმართა.
ამასთან, ტიკარაძემ კლინიკების კლინიკურ ხელმძღვანელებს მოუწოდა, რაციონალურად იქნეს გამოყენებული ჟანგბადი და მედიკამენტები და აღნიშნა, რომ ახლო პერიოდში მკურნალობის პროტოკოლში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს:
"თქვენ იცით, რომ სახელმწიფო პრეპარატ "ტოცილიზუმაბის" გამოყენების ხარჯებს ანაზღაურებს და ასევე, ისიც, რომ პრეპარატის შემსყიდველი ხართ თქვენ – კლინიკების ხელმძღვანელები. ძალიან ვწუხვარ, როცა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ ინ კლინიკის ექიმები პაციენტებს "შავ ბაზარზე" ამ მედიკამენტის 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი! ამ ფაქტით სხვადასხვა სტრუქტურები არიან დაინტერესებულები. მათ უნდა გამოიძიონ, რატომ ხდება პაციენტების პატრონების იმ კრიტიკულ პერიოდში, როცა მათი ემოციური მდგომარეობა ყველაზე მაღალია, გაგზავნა "შავ მიმწოდებელთან" თუ გამსაღებელთან. მათ 4-ჯერ ძვირად უწევთ ამ პრეპარატის შეძენა მაშინ, როცა ძალიან კარგად ვიცით, თუ რომელ კლინიკებშია მარაგი მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, ყველას აქვს საშუალება მიმართოს კოლეგა ექიმს, კოლეგა კლინიკას იმისთვის, რომ მოხდეს ამ პრეპარატის დაუყოვნებლივ მიწოდება ამ კლინიკისთვის და ამ მედიაციაში სამინისტროს მხრიდან ძალიან ხშირად ვართ ჩართულები".
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ „ტოცილიზუმაბი“ არის მედიკამენტი, რომელიც ძალიან მკაცრი ჩვენებების მქონე კონკრეტულ პაციენტებში გამოიყენება:
„მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ხდებოდა მისი გამოყენება. ბოლო პერიოდში „ტოცილიზუმაბის“ ეფექტურობასთან დაკავშირებით მეტი მონაცემი გაჩნდა, მაგრამ მისი ჩვენებები ამით არ შეცვლილა, რა თქმა უნდა, მხოლოდ რამდენიმე, კონკრეტულ პაციენტს შეიძლება, დასჭირდეს ეს მედიკამენტი. მომწოდებელი არის „როშე“. გარკვეული გეგმაზომიერებით ხდება მედიკამენტის მოწოდება. ის რაოდენობა, რომელიც შემოვიდა, წინაწარ ჰქონდათ კლინიკებს უკვე შეკვეთილი. ამ კლინიკებში ყველაზე მძიმე პაციენტები ხვდებიან და აქამდეც იყენებდნენ „ტოცილიზუმაბს“ გარკვეული შემთხვევებისთვის. თუმცა მოხდა ისე, რომ მედიკამენტის თაობაზე ფართო მედიასაშუალებებით საუბარს მოჰყვა გარკვეულწილად არასწორი მოლოდინების ჩამოყალიბება მის დანიშნულებასთან დაკავშირებით. ამას გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, რაიმე გარემოებიდან გამომდინარე, ვიღაც ბოროტადაც კი იყენებს და ოჯახებს ეუბნება, რომ თავად უნდა იყიდონ ეს მედიკამენტი, იშოვონ და მოიტანონ. ასე ეს მედიკამენტი არსად არ იყიდება, ოფიციალური სადისტრიბუციო არხებით არის გადანაწილებული კონკრეტულ კლინიკებში“.
ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მოსალოდნელია, პროტოკოლში დაემატოს რამდენიმე მედიკამენტი, რომელსაც კორონავირუსის მკურნალობის პროცესში გამოიყენებენ:
"მთავარი მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პროტოკოლში ცვლილება, იქნება დამატებითი მონაცემები ამა თუ იმ მედიკამენტის ეფექტურობის შესახებ კოვიდპაციენტებში. დღეს მოსალოდნელია, რამდენიმე მედიკამენტი მეტად აქტიურად შემოვიდეს კოვიდის მართვის პროცესში. იყო საუბარი მონოკლინურ ანტისხეულებზე. სხვადასხვა მწარმოებელს ამაზე მუშაობა დაწყებული აქვს, ასევე რამდენიმე მედიკამენტია კვლევაში. თუ ამ მედიკამენტების ეფექტიანობა დადასტურდა, ეს აისახება ჩვენს პროტოკოლებში. ამაზე არიან კლინიკები მობილიზებული, რომ თუ სადმე არის იმედისმომცემი მკურნალობა, რომელსაც აღიარებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის და ევროპის მარეგულირებელი, ან სხვა ქვეყნის მკაცრი მარეგულირებელი, ის ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს".