
"გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულ პირებში ფიქსირდება“
03/09/2021 09:20:55 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულია, გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც არავაქცინირებულ პირებშია დაფიქსირებული.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დეტალური სტატისტიკა ჰოსპიტალიზებული შემთხვევების, მათ შორის, რამდენი იყო ვაქცინირებული პირი, არავაქცინირებული. ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების უდიდესი ნაწილი არის არავაქცინირებული. ასევე გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ გარდაცვალების შემთხვევები ისევ დომინანტური რჩება მაღალ ასაკობრივ ჯგუფში:
„რაც შეეხება ასაკობრივ სტრუქტურას, გასულ ტალღებთან მიმართებით მიმდინარე ტალღის პირობებში ჩვენ ასაკობრივ სტრუქტურაში განსხვავებას ვერ ვხედავთ. გარდაცვალების შემთხვევები ისევ დომინანტური რჩება მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წლის ზემოთ ასაკის პირებში. საბედნიეროდ, სხვა ასაკობრივ ჯგუფებში გარდაცვალების შემთხვევები ერთეულია. მსგავსი ვითარება იყო გასული ტალღების პერიოდში“.
გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 3 034 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 952, გარდაიცვალა 86 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.