Accentnews.ge
გრეგოროვა საქართველოში დემოკრატიის უფრო მეტი უკუსვლის შემთხვევაში რიგ სფეროებში ურთიერთობების გადახედვას არ გამორცხავს

გრეგოროვა საქართველოში დემოკრატიის უფრო მეტი უკუსვლის შემთხვევაში რიგ სფეროებში ურთიერთობების გადახედვას არ გამორცხავს

03/09/2021 08:52:37 პოლიტიკა

"ევროპელი მწვანეებისა და ევროპელთა თავისუფალი ალიანსი" (Greens/EFA) წევრი, მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით მომუშავე ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშზე უარის თქმის შესახებ საქართველოს მთავრობის ამასწინანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება და ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით კიდევ უფრო მეტი უკუსვლის ან მოქალაქეების მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ურთიერთობების სხვა სფეროებში გადახედვას არ გამორიცხავს.

როგორც გრეგოროვამ ”აქცენტის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მას უჭირს იმის თქმა, არის თუ არა მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის შეჩერება ერთჯერადი აქტი, რადგან ვერ იწინასწარმეტყველებს, რის გაკეთებას აპირებს საქართველოს მთავრობა სამომავლოდ, თუმცა ეს მაკროფინანსური დახმარება პოსტპანდემიური საგარეო ვალის ნაწილი იყო და ამ ვალმა საქართველოს მშპ-ის 60%-ს მიაღწია, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიმიტია. აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტარი ვარაუდობს, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ფინანსურ დახმარებას არ მოითხოვს.

რაც შეეხება იმას, რამდენად შესაძლებელია, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის სხვა სახის დახმარების გაწევა შეწყდეს, როგორც გრეგოროვა აცხადებს, “პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ უშუალოდ ეს დახმარება საქართველოს ინიციატივით შეწყდა”. “გვესმის მიზეზი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების კუთხით ქვეყანაში დაგეგმილი ცვლილებები სათანადოდ განხორციელდება. თუ ეს არ მოხდება და ჩვენ დავინახავთ დემოკრატიის კუთხით კიდევ უფრო მეტ უკუსვლას ან საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის გაუარესებას, ბუნებრივია, არსებობს ურთიერთობების გადახედვის შესაძლებლობა სხვა სფეროებშიც, სადაც ევროკავშირი და საქართველო თანამშრომლობენ, ან ფლობენ აქტივებს. მაგალითად, არსებობს სხვა ტიპის დაფინანსებები, DCFTA–ისა და ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილი რეგულაციები. უახლოეს თვეებში უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით წავა საქართველო” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მკითხველისთვის განვმარტავთ, რომ საქართველოსთვის 150 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა ევროკავშირის სამეზობლოში კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების შემსუბუქებისკენ მიმართული ინიციატივის ნაწილია. ამ მიზნით ევროკავშირსა და თითოეულ სახელმწიფოს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმები კონკრეტული დეტალებით. საქართველომ ამ სესხის პირველი - 75-მილიონიანი ტრანში უკვე მიიღო, თუმცა უარი განაცხადა მეორე 75-მილიონიან ტრანშზე.

“ამ თანხის მთავარი მიზანი იყო, ხელი შეეწყო ეკონომიკის გაძლიერებისთვის პანდემიის შემდგომ პერიოდში, ასევე რეფორმებისთვის იმ სფეროებში, რომელიც გარკვეულ გაუმჯობესებას საჭიროებს (სახელმწიფო ფინანსების მენეჯმენტის გაძლიერება, მმართველობის გაუმჯობესება, სექტორული რეფორმები და შრომის ბაზრის პოლიტიკა). ვიმედოვნებ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, უარი ეთქვა მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღებაზე, ხელისუფლება გაიაზრებს ამ რეფორმების გატარების აუცილებლობას და ამას მისი პოლიტიკური მმართველობის პერიოდში განახორციელებს” – განაცხადა გრეგოროვამ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პირობები “არ გამოიყენება სიტუაციის პოლიტიზირებისთვის, როგორც პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა”: “რეფორმებმა უნდა გააუმჯობესოს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი, რაც ჩვენს საბოლოო საერთო მიზანს წარმოადგენს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S