ჯეიმს აპატურაი NATO-ს გენმდივნის სპეცწარმომადგენლის თანამდებობაზე ესპანელმა დიპლომატმა შეცვალა
03/09/2021 07:42:45 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას NATO-ში ესპანეთის მისია ავრცელებს.
ხავიერ კოლომინა ასევე იქნება NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში. მან ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 2010 წლიდან ეკავა.
ხავიერ კოლომინას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშვნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიულოცა:
„ვულოცავ ხავიერ კოლომინას პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილისა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სპეციალური წარმომადგენლის პოზიციაზე დანიშვნას. საქართველო ერთგულია თავისი მიზნისა, გახდეს ალიანსის წევრი. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ მივაღწევთ ხელშესახებ შედეგებს“, – წერს ზალკალიანი მისალოც ტექსტში.


