საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 10–წლიანი რეკორდი მოხსნა
03/09/2021 07:18:21 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2021 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 %–ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- რძე, ყველი და კვერცხი (3.8%),
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.6%),
- ბოსტნეული და ბაღჩეული (2.1%),
- ყავა, ჩაი და კაკაო (1.2%),
- თევზეული (1.1%),
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.0%).
- ფასები შემცირდა:
- ზეთსა და ცხიმზე (-2.1%),
- ხილსა და ყურძენზე (-1.5%);
ტრანსპორტი:
ჯგუფში ფასები მომატებულია 1.1%–ით, რაც 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.9%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.5%).
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.8%–ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (7.2%), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (1.1%).
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი:
ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8%–იანი მატება, რაც 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (4.3%) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.5%).
ამასთან, საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2%–ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.09 პროცენტული პუნქტით აისახა:
„ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (43.9%), ბოსტნეული და ბაღჩეული (42.2%), რძე, ყველი და კვერცხი (17.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9%), პური და პურპროდუქტები (13.0%), თევზეული (11.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (11.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (6.8%), ხილი და ყურძენი (5.4%);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5%–ით, რაც 2.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (32.5%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.9%); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.6 პროცენტიანი მატება, რაც 1.75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.5%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.1%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 10.9%–ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.85 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (17.9%), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 5%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (5.0%) ქვეჯგუფებზე“.


