Accentnews.ge
წაქცეული ხეები, დაზიანებული მანქანები, დასეტყვილი სავარგულები – სტიქია საქართველოში

წაქცეული ხეები, დაზიანებული მანქანები, დასეტყვილი სავარგულები – სტიქია საქართველოში

02/09/2021 16:53:43 საზოგადოება

სტიქიამ დედაქალაქსა და რეგიონების ნაწილში პრობლემები შექმნა. კერძოდ, თბილისში დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდა და ძლიერი ქარის შედეგდ წაქცეულმა ხეებმა ავტომანქანები დააზიანეს. ერთ–ერთი მსგავსი შემთხვევა ყაზბეგის ქუჩაზე მოხდა. დაზიანდა გარე განათებაც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ 112–ზე დედაქალაქის მასშტაბით, 100-მდე შეტყობინებაა შესული და მეხანძრე-მაშველებმა ყველა მათგანზე მოახდინეს რეაგირება.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაშავებული არავინაა.

ბოლო ერთ კვირაში კახეთი მეორედ დაისეტყვა: ყვარლის მუნიციპალიტეტში სეტყვამ ზიანი მიაყენა სოფელ შაქრიანის სასოფლო - სამეურნეო სავარგულებს. ძლიერი ქარმა სოფელ გრემში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

ასევე, სეტყვის შედეგად ზიანი მიადგა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულს, სადაც წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 70 ჰა სასოფლო - სამეურნეო მიწის ფართობი დაისეტყვა.

უხვი ნალექის გამო 60-მდე ადგილზე მეწყერის გააქტიურების შესახებ იუწყებიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლები.

ძლიერმა ქარმა გარდაბანში სავარაუდოდ, ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 2000–მდე აბოენტი.

სტიქიაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონშიც: ჯავის რაიონში, სოფელი სბა გარესამყაროს არის მოწყეტილი - ამის შესახებ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა სააგენტო „რესს" განუცხადა.

მისი თქმით, ძლიერი წვიმის გამო მდინარემ კალაპოტი გადალახა, წყალდიდობამ კი ღვარცოფი წარმოშვა და გზები ჩაიკეტა:

„საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები და შესაბამისი სამსახურები გაემგზავრნენ ადგილზე. ამინდის პირობები ჯერ არ იძლევა გზის გაწმენდის საშუალებას. იქ რამდენიმე მკვიდრია, ასევე პირი, რომელსაც ესაჭიროება სამედიცინო დახმარება“.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ იზოლირებული სოფლიდან, სპეციალური მანქანით, 8 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, აქედან 2 მოზარდი და 6 მოხუცია. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ვლადიკავკაზიდან იყვნენ სოფელში სტუმრად ჩასულები.

ცნობისთვის: გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მონაცემებით, 2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების იქროლებს ძლიერი ქარი, შესაძლებელია, სეტყვაც.

მათივე ცნობით, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მთავარი ფოტო: "რუსთავი 2"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S