მსხვერპლი, დატბორილი მეტროს სადგურები და შეჩერებული ფრენები – რა ხდება ნიუ–იორკსა და ნიუ–ჯერსიში (ვიდეო)
02/09/2021 14:19:33 მსოფლიო
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტორნადოებისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა, – იუწყება CNBC.
მისი ცნობით, სტიქიამ 8 პირი ნიუ–იორკში იმსხვერპლა. გარდაცვლილების ნაწილი საკუთარი სახლების დატბორილ სარდაფებში აღმოაჩინეს. მსხვერპლთა შორის 2 წლის ბავშვიც არის. 6 ადამიანი დაიღუპა ნიუ- ჯერსიში. ერთ–ერთი პირის ცხედარი იპოვეს მანქანაში, რომელიც წყალმა წაიღო.
ნიუ–იორკისა და ნიუ- ჯერსის გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ სტიქიას "ისტორიული მეტეოროლოგიური მოვლენა" უწოდა. ქალაქის მეტროს თითქმის ყველა ხაზი დაკეტილია, ქუჩებზე მანქანები მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გადაადგილდებიან. ნიუ-იორკიდან და ნიუ -ჯერსიდან ბევრი ფრენა გადაიდო, შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლაც.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ ჩადის წყლის ნაკადი მეტროს სადგურებსა და საცხოვრებელ სახლებში.
ტორნადოები და წყალდიდობა ქარიშხალმა "იდამ" გამოწვია. რომელიც რამდენიმე დღის წინ ლუიზიანას შტატს დაატყდა თავს.
მეოთხე კატეგორიის ქარიშხალმა "იდამ" ლუიზიანში 2, მისისიპის შტატში 2 და ალაბამას შტატში 2 პირი იმსხვერპლა. ყველაზე მეტად დაზიანებულია ლუიზიანას შტატი, სადაც ასობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, სახლები და წყალმა წაიღო არაერთი ავტომობილი.



