„თალიბანმა“ პანჯშირის ხეობაში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო
02/09/2021 10:15:08 მსოფლიო
„თალიბანმა“ ავღანეთის პანჯშირის ხეობაში „ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის“ წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
„თალიბანის“ ინფორმაციით, გასული ღამიდან მიმდინარე შეტაკებების შედეგად, თალიბებმა ამბოხებულების 11 პოსტი დაიკავეს, ცხრა მებრძოლი მოკლეს, ხელში ჩაიგდეს დიდი რაოდენობით შეიარაღება და საბრძოლო მასალა.
თავად „ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის“ ინფორმაციით, „თალიბანმა“ პანჯშირის ხეობაზე შეტევა რამდენჯერმე სცადა, თუმცა წარუმატებლად და 40-მდე მებრძოლი დაკარგა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა. როგორც „თალიბანი“ აცხადებს, წინააღმდეგობის მოძრაობამ იარაღის შენარჩუნება და ახალ მთავრობაში 30%–იანი წარმომადგენლობა მოითხოვა, რაც მათი შეფასებით, არარაციონალურია.


