თურქეთი საკუთარ "პენტაგონს" აშენებს
02/09/2021 05:54:31 მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლება 2023 წლისთვის ანკარაში ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შენობების ახალი კომპლექსის აშენებას გეგმავს სახელწოდებით "Ay Yıldız" («ნახევარმთვარე და ვარსკვლავი»). კომპლექსის ორ ცენტრალურ შენობას ნახევარმთვარისა და ვარსკვლავის - მუსლიმურ კულტურაში გავრცელებული იმ ორი სიმბოლოს ფორმა ექნება, რომლებიც თურქეთის ეროვნულ დროშაზეც ფიგურირებს.
30 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში კომპლექსის მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონია ჩაატარა. მან პროექტს უწოდა "სტრუქტურა, რომელიც მტერს შიშს ჩაუსახავს, ხოლო მოყვარეს - ნდობას" და დასძინა, რომ აქ ჩამოყალიბდება თავდაცვის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა. კერძოდ, ახალ შენობაში განთავსდება ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის სარდლობის შენობები. «თავდაცვის ცვალებადი საჭიროებები მოითხოვდა, არმიისა და სამინისტროს ყველა ქვედანაყოფს ერთ ჭერქვეშ ემუშავა" - განმარტა ერდოღანმა.
«ნახევარმთვარე და ვარსკვლავი» 12,6 მლნ კვ. მ ტერიტორიაზე განთავსდება, რომელთაგან 890 000 დახურულ სივრცეს დაეთმობა 15 000-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობით. ვარსკვლაივის ფორმის შენობა კომპლექსის შესასვლელის ფუნქციას შეასრულებს, ნახევარმთვარის ფორმის ნაგებობაში კი განთავსდება კონფერენც-დარბაზები და სხვა ფართები ღონისძიებების გასამართად.
ამ დროისთვის მომავალი კომპლექსის ადგილზე პირველადი სამშენებლო სამუშაოებია დაწყებული.
სამხედრო ნაგებობების კომპლექსს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინის ხუთკუთხა შენობას - პენტაგონს ადარებენ და "თურქულ პენტაგონადაც" კი მონათლეს, მაგრამ მისი ფართობი ამერიკულთან შედარებით, რამდენჯერმე უფრო დიდი იქნება, კერძოდ, თითქმის 605 000 კვ. მეტრი, რომელთაგან 350-მდე კვ. მ საოფისე ფართებს დაეთმობა. ამასთან, პენტაგონი მეტ ადამიანს - 23 ათასს იტევს.
თურქულ მედიას განსხვავებული მონაცემები მოჰყავს იმასთან დაკავშირებით, როდის გაიხსნება კომპლექსი. სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, მისი გახსნა 2023 წლის 19 მაისისთვისაა დაგეგმილი. გაზეთი "Daily Sabah" წერს, რომ ამ დღისთვის მშენებლობა დასრულდება, ხოლო გამოცემა "Hürriyet Daily News"-ს ერდოღანის ციტატა მოჰყავს იმის შესახებ, რომ თურქეთის ხელისუფლების მიზანია, კომპლექსი თურქეთის რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავისთვის - 2023 წლის 29 ოქტომბერს გახსნას.


